თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ამიერიდან შალვა თადუმაძე უხელმღვანელებს, აღნიშნულია მთავრობის მეთაურის Facebook–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
თადუმაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.
პრემიერის განცხადებით, თადუმაძე გამოირჩევა საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით და ძალიან მაღალი წესიერებით, მან კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი.
„მინდა, შალვას ვუსურვო წარმატებები. მე ამ წარმატებაში დარწმუნებული ვარ და მჯერა, ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობას ის წარმატებით გაართმევს თავს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
შალვა თადუმაძე 2012 წლიდან მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციას მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის გადადგომის შემდეგ მინისტრის სავარძელი დაიკავა.
თადუმაძე დაიბადა 1978 წელს. 1994-1998 წლებში სწავლობდა ნ. დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია, ხოლო 2001 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო–გეოლოგიის ფაკულტეტი და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა მაგისტრის წოდება.
2001 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. ამავე წლის ოქტომბრიდან მუშაობა განაგრძო ასოციაციაში „სამართალი და თავისუფლება“ იურისტ- ადვოკატად. 2003-2004 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
2008 წელს დააფუძნა საკუთარი საადვოკატო კომპანია კ/ს „შალვა თადუმაძე და ბი ელ ფ. კონსტალტინგი“ და ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას.
2012 წლიდან დღემდე იყო საქართველოს საპარლამენტო მდივანი, ამავდროულად, საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.