თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებსა და მათ მიერ ნაცემ ნიგერიელ და კამერუნელ სტუდენტებს შორის ამხანაგური მატჩის ჩატარება კომიკურად გამოიყურება, მიაჩნია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტ შოთა თუთბერიძეს, რომელიც სტუდენტების ინტერესებს იცავს.
თბილისის მერი კახა კალაძე სამშაბათს გამოვიდა ინიციატივით ჩატარდეს ამხანაგური მატჩი კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე — იმავე ადგილას, სადაც შავკანიან სტუდენტებს ადგილობრივებმა სცემეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ დიღმის მასივში, ბელიაშვილის ქუჩაზე ჯოხებით შეიარაღებულმა რამდენიმე მამაკაცმა თავდაპირველად შავკანიანი ახალგაზრდების სპორტული მოედნიდან გაძევება დაიწყო, სადაც ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ, ხოლო შემდეგ – მათი ცემა.
„კალაძის განცხადება იყო პირდაპირი სიგნალი იმისა, რომ დავივიწყოთ მომხდარი და უბრალოდ შევრიგდეთ, რაც ნიშნავს, რომ შესაძლო დანაშაული, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით არის გათვალისწინებული, ჰაერში უნდა დარჩეს? გამოძიება არ უნდა შეწყდეს. ყოველ შემთხვევაში, აქცენტი ამაზე გაკეთდა. მით უმეტეს, მსხვერპლებსა და მოძალადეებს შორის ამხანაგური მატჩის ჩატარება კომიკურად გამოიყურება“, — განაცხადა თუთბერიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.
შეკითხვაზე, იციან თუ არა სტუდენტებმა კალაძის ინიციატივის შესახებ, ადვოკატმა უპასუხა, რომ მათი ნაწილი საქმის კურსშია, თუმცა ითამაშებენ თუ არა ისინი ამხანაგურ მატჩში, ცნობილი მოგვიანებით გახდება.
„ერთ ნაწილთან მქონდა კომუნიკაცია, მეორესთან — არა. ამიტომ, ყველა ადამიანის პოზიციის შესახებ ვერ გეტყვით, თუმცა გვექნება გასაუბრება, ერთად შევიკრიბებით და დარწმუნებული ვარ, საერთო პოზიცია გვექნება“, — აღნიშნა მან.
კალაძის ინიციატივას ამხანაგურ მატჩთან დაკავშირებით მიესალმებიან ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებნი, რომლებიც აცხადებენ, რომ ინციდენტი იმის გამო დაიწყო, რომ შავკანიანი სტუდენტები ბავშვებს ფეხბურთის თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ. დაზარალებულები კი ფიქრობენ, რომ ინციდენტი რასობრივი კუთვნილების გამო მოხდა.
„ნიგერიელი ადგილობრივი იქ იყო 4-5, თორე დანარჩენები სხვადასხვა უბნებიდან იყვნენ. ისინი პირველად კი არ თამაშობდნენ მანდ, გამოვრიცხავ, რომ კანის ფერის გამო მომხდარიყო ეს ინციდენტი. საჭმელსაც ვაწოდებდი და ღვინოსაც. მინდა, ასევე გამოვეხმაურო კახა კალაძის ინიციატივას, ძალიან კარგი ინიციატივაა და ვითამაშებ კიდეც, ბავშვებსაც ვათამაშებ, მაგრამ ის, რომ ჩვენი ბავშვები მთელი დღე მოედანზე არ შეუშვან, ეგ არ გამოვა“, – აცხადებს მომხდარის თვითმხილველი რეზო კუპატაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
შსს მომხდარს „ძალადობის“ მუხლით იძიებს, თუმცა დაზარალებულთა ადვოკატი საქმის გადაკვალიფიცირებას „რასობრივი დისკრიმინაციის“ მუხლით მოითხოვს.