თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიულოცეს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სააღდგომო ლიტურგიას დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში დაესწრო
„გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ვისურვებდი, დღეს ყველა ჩვენთაგანის სულში და ცხოვრებაში ურწმუნოება დაამარცხოს რწმენამ, თავისუფლებამ დაამარცხოს მონობა, გამბედაობამ დაამარცხოს შიში, ქველმოქმედებამ დაამარცხოს სიძუნწე. გილოცავთ და ყველას ბედნიერებას გისურვებთ!"- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სააღდგომო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო.
გიორგი კვირიკაშვილმა მთელ საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღე, ხვალინდელი დღის იმედი უსურვა.
„როგორც ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა და საშობაო ეპისტოლეშიც იყო ვრცლად ნასაუბრები ამაზე — გამოწვევები და პრობლემები ძალიან ბევრი გვაქვს, მაგრამ ერთადერთი ხსნა არის ერთობაში, მათ შორის, ეკლესიის, ერის და ხელისუფლების ერთობაში. სწორედ, ამ ერთობამ და სარწმუნოებამ მოგვიტანა ჩვენ დღევანდელი საქართველო და სხვა გადარჩენა არ არსებობს", — აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ტყიბულში, მინდელის შახტში 5 აპრილის ღამეს მომხდარ ტრაგედიასაც შეეხო, რომლის დროსაც დაიღუპა ექვსი მუშა, ხოლო სამმა სხეულის დაზიანებები მიიღო.
„დღეს ტყიბულში, ექვს ოჯახში გლოვაა და მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო დიდი გულის ტკივილი. სიტყვები არ მყოფნის, როგორ ვანუგეშო ეს ოჯახები და აღდგომის დღევანდელ დღეს შეემსუბუქებინოს მათთვის ტკივილი. მინდა ეს ვუსურვო მათ“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო სააღდგომო ლიტურგიას ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც.
„დღეს პატრიარქის ეპისტოლემ შეგვახსენა ის ძირითადი ღირებულებები, რითაც უნდა იყოს გამსჭვალული ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება: ეს არის სიყვარული, ეს არის შემწყნარებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და ეკლესიის თანამშრომლობა, რაზეც იყო, ასევე, საუბარი ეპისტოლეში და ეს თანამშრომლობა არის ნამდვილად აუცილებელი იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი საზოგადოება და გაძლიერდეს ჩვენი საზოგადოება“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
დემოგრაფიულ მდგომარეობაზე საუბრისას, რომელზეც კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია ყურადღება გამახვილებული, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი საზოგადოებას, მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის მიმართულებით, შესაბამის ინიციატივებს წარუდგენს.
საზეიმო ღვთისმსახურებას საქართველოს საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დედაქალაქის მერი დაესწრნენ.