თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში გამართულ საზეიმო წირვაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხეს.
„ყველგან თვალშისაცემია ტრადიციულ ღირებულებათა მოსპობის, პატრიოტული სულისკვეთების დაკნინების, ეროვნული მეობის გაქრობის ტენდენცია დიდია მცდელობა ზოგიერთი მძიმე ცოდვის ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადებისა, მასმედიითაც, ნებსით თუ უნებლიედ, ხშირად ხელი ეწყობა აგრესიისა და უზნეობის, ნარკომანიისა და აზარტული თამაშების პროპაგანდას; ბილწსიტყვაობა, ტყუილი, ცინიზმი, საჯარო შეურაცყოფა — ჩვეულებრივ მოვლენად იქცა“, — ნათქვამია სააღდგომო ეპისტოლეში.
მიმართვაში ნათქვამია, რომ თანამედროვე მსოფლიოში დაეცა განათლების დონე, ახალგაზრდა თაობა ინტერნეტს მიეჯაჭვა და წიგნები დაივიწყა. დაიკარგა უფროსებისადმი პატივისცემა, ისინი ებრძვიან ავტორიტეტებს, ქმნიან ახალი „ღირებულებების“ შესაბამის პერსონებს და ბაძავენ მათ.
„გაჩნდა გრძნობა დაუცველობისა და ხვალინდელი დღის შიშისა, სულიერი სიცარიელის ფონზე ახალგაზრდებში გახშირდა თვითმკვლელობა, რისი ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მოქმედებენ გარკვეული ჯგუფები, რომელნიც მოზარდებს სხვადასხვა სახით აიძულებენ, სიცოცხლე ამ სახით დაამთავრონ“, — ნათქვამია მიმართვაში.
ეპისტოლეში ნათქვამია, რომ ამ მოვლენებს მეტ-ნაკლებად საქართველოშიც აქვს ადგილი. ქვეყანაში დიდია უმუშევართა, სოციალურად დაუცველთა და უცხოეთში სამუშაოდ წასულთა რიცხვი, იცლება სოფლები და რაიონები, დამაფიქრებელია ხალხის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც, რასაც ხშირ შემთხვევაში სტრესული მდგომარეობა და დაბალი ხარისხის პროდუქტებით კვება იწვევს.
პატრიარქმა შეახსენა მრევლს სპეციალისტების გაფრთხილება იმის შესახებ, რომ მოკლე დროში ნავარაუდევია მოსახლეობის 28%-ით კლება, რაც ისედაც მცირერიცხოვანი ერისთვის უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება. ეპისტოლეში ხაზგასმულია, რომ აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე უნდა შეიქმნას საწინააღმდეგო განწყობა ისეთი მოვლენისა, როგორიც არის აბორტები. ასევე მრავალშვილიანი ოჯახების მხარდასაჭერად საჭიროა ცალკეული კანონების შემუშავება.
„უნდა შევნიშნოთ, რომ როდესაც ჩვენს ხალხზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მსგავს, და ზოგ შემთხვევაში, უარეს მდგომარეობაში მყოფი, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები. ვგულისხმობ, მაგალითად, აფხაზებს, უდინებს, ქისტებს, ჩერქეზებს, ოსებს, ასირიელებს, ლეკებს, იეზიდებს და სხვ. კარგი იქნება, ქვეყანამ განსაკუთრებული პირობები შეუქმნას როგორც ქართველ, ისე ამ ეთნიკური წარმომავლობის იმ ოჯახებს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ და გაუწიოს მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება, რაც უნდა მატულობდეს შვილთა რაოდენობის ზრდის მიხედვით“, — ნათქვამია ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში.
მისი უწმინდესობის თქმით, საქართველოს მოსახლეობა უნდა ჩამოყალიბდეს როგორც ერთიანი მორწმუნე საზოგადოება.
„ფაქტია, ყველას გვინდა ძლიერი, განვითარებული ქვეყანა გვქონდეს. ამის მიღწევა კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ საზოგადოებაში სწორ ღირებულებათა სისტემა იარსებებს და ამ საფუძველზე მოხდება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების მოგვარება. დეზორიენტირებული საზოგადოება კი ქაოსში ჩაიძირება და სახელმწიფოს დიდად დააზარალებს“, — ნათქვამია ეპისტოლეში.