თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. „საქართველოს სოლიდარობის ფონდმა” ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ბენეფიციარებს საჩუქრები ფონდის ხელმძღვანელმა, ია მაქაცარიამ თანამშრომლებთან ერთად გადასცა.
„საქართველოს სოლიდარობის ფონდმა“ ონკო-ჰემატოლოგიური განყოფილების ბიბლიოთეკას გამომცემლობა „პალიტრა L”-ის წიგნები გადასცა. ბენეფიციარებისთვის ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები კი, სოციალურმა საწარმომ – „კოდალამ“ დაამზადა. ბავშვებს დღესასწაული სააღდგომო ტკბილეულით და სათამაშოებით ფონდის პარტნიორმა „ვისოლ ჯგუფმაც“ მიულოცა.
როგორც ცნობილია, კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიურ განყოფილებაში ლეიკემიის დიაგნოზით ფონდის 30-მდე ბენეფიციარი მკურნალობს.
სოლიდარობის ფონდი 2014 წლის 9 ივნისს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით და მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა. ფონდმა დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22-წლამდე 500-ზე მეტი ბავშვისა და მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ.