თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის და ლიტვის პრეზიდენტები და საგარეო საქმეთა სამინისტროები უსამძიმრებენ საქართველოს ტყიბულში მინდელის შახტზე მუშების გარდაცვალების გამო.
5 აპრილის ღამეს მინდელის შახტში გვირაბის გვერდითი ქანები ჩამოინგრა. წინასწარი შეფასებით, ჰაერის დარტყმითი ტალღა გვირაბებში გავრცელდა, რის შედეგად ექვსი ადამიანი ადგილზე დაიღუპა. პარასკევს საქართველოში გლოვის დღე გამოცხადდა.
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს ღრმა მწუხარება და მხარდაჭერა გამოუცხადა და დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ნუგეშის სიტყვებით მიმართა, ნათქვამია სახელმწიფო მეთაურის ვებგვერდზე.
ტყიბულის ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს სამძიმარი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გამოუცხადა.
„ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს, ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას მინდელის შახტზე უბედური შემთხვევის გამო და ყველა დაშავებულს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, — ციტირებს „Sputnik-აზერბაიჯანი“ საგარეო საქმეთა სამინისტროს.
შახტზე მომხდარო ტრაგედიის გამო სამძიმარი საქართველოს პრეზიდენტს მისმა ბელარუსმა კოლეგამ, ალექსანდრ ლუკაშენკომაც გამოუცხადა. ბელარუსი ხალხის სახელით მან ასევე ყველა დაშავებულს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა, ნათქვამია სახელმწიფოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სოციალურ ქსელ Twitter-ში დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა ასევე ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოუცხადა.
„ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ექვსი მეშახტის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, რომლებიც საქართველოში ნახშირის საბადოზე მომხდარი ინციდენტის დროს დაიღუპნენ“, — ნათქვამია განცხადებაში.
შსს-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით („სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია“), რაც ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. დაღუპული მუშების ოჯახები 50 000 ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ.