დაღუპული მეშახტეების ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიშახტი
შახტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაღუპული მუშების თითოეული ოჯახი 50 ათას ლარს მიიღებს

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაღუპული მუშების ოჯახები 50 000 ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ, განაცხადა დავით ქარქაშაძემ — „საქნახშირის“ მაღაროს მფლობელი კომპანიის დირექტორის მოადგილემ.

5 აპრილის ღამეს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ტრაგედია მოხდა: დაიღუპა ექვსი მუშა, კიდევ სამმა სხეულის დაზიანებები მიიღო.

საქართველოს პატრიარქმა ტყიბულის შახტში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

ქარქაშაძის თქმით, დაღუპული მეშახტეების ოჯახები „საქნახშირისგან“ 30 000 ლარს მიიღებენ, ხოლო 20 000 ლარს სადაზღვევო კომპანია გადაუხდის.

გლოვის დღე. მთავრობის კანცელარიის შენობა - Sputnik საქართველო
გლოვის დღე საქართველოში – დროშები დაშვებულია

„კომპანიას ჩვენი დაზარალებულები არასოდეს მიუტოვებია. სამი სახის კომპენსაციას იძლევა ჩვენი კომპანია. დასაფლავების, საფლავის მოწყობის, ოჯახის წევრების დასაქმება, კომპენსაციები, შემდგომი რეაბილიტაციის კომპენსაციები… საერთო ჯამში ყველა მათგანს გამოუვა 50 ათას ლარამდე”, – განუცხადა ჟურნალისტებს ქარქაშაძემ.

კომპანია „საქნახშირი“ წარმოადგენს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ (GIG) შვილობილ კომპანიას.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 6 აპრილი დაღუპულ მეშახტეთა ხსოვნის პატივსაცემად გლოვის დღედ გამოცხადდა.

გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წლის სამი თვის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე  უბედური შემთხვევების შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა, მძიმე დაზიანებები 12-მა მიიღო.

რა მოხდა შახტაში?

ხუთშაბათს გამთენიისას შახტში გვირაბის გვერდითი ქანები ჩამოინგრა. წინასწარი შეფასებით, ჰაერის დარტყმითი ტალღა გვირაბებში გავრცელდა, რის შედეგად ექვსი ადამიანი ადგილზე დაიღუპა. 

ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო
საქართველოს პირველმა პირებმა ტყიბულის შახტაში დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრეს

შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა, ირაკლი იობიძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ტრაგედიის დღეს ნახშირის მომპოვებელ შახტში სეისმური ბიძგები არ დაფიქსირდა, აღნიშნული ინფორმაცია მათ ქართველმა სეისმოლოგებმაც დაუდასტურეს. შრომის ინსპექციის სამუშაო ჯგუფი ადგილზე დაათვალიერებს გვირაბს, რის შემდეგ ტრაგედიის უფრო კონკრეტული მიზეზის დასახელებას შეძლებს.

რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები, ირაკლი იობიძემ უპასუხა, რომ ადმინისტრაციისგან უკვე მიიღეს შესაბამისი დოკუმენტაციის ნაწილი, რომელშიც უსაფრთხოების ნორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია არის მოყვანილი. ამ დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ შრომის ინსპექტორები მომხდარის თვითმხილველებს გაესაუბრებიან. ეს არის სამი მუშა, რომელიც გადარჩა და კლინიკაში იმყოფება.

„გუშინ მათთან გასაუბრება ვერ მოვახერხეთ, რადგან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. დღეს ამ ადამიანებს კლინიკაში მოვინახულებთ. იქ იყვნენ ჩასული სამთო ოსტატები, ვენტილაციის თანამშრომლები, რომლებსაც ასევე გავესაუბრებით“, – განაცხადა ირაკლი იობიძემ.

იობიძის თქმით, მინდელის შახტში ინსპექტირება 2017 წლის მაისში ჩატარდა, დაფიქსირდა სხვადასხვა დარღვევა და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე, შრომის ინსპექციას მხოლოდ რეკომენდაციების გაცემის უფლებამოსილება აქვს, თუმცა პარლამენტის მიერ მარტში მიღებული „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის შესაბამისად, 1 აგვისტოდან შრომის ინსპექციას სანქცირებული შემოწმებების უფლება ექნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0