თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს კანონში „ზოგადი განათლების შესახებ" შედის ცვლილებები, რომლებიც მიმართულია მოსწავლეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სკოლების მანდატურების მუშაობის ეფექტურობის გაზრდისკენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მიერ შემუშავებული ცვლილებების პროექტი ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს. დოკუმენტი უახლოეს პერიოდში პარლამენტს გადაეგზავნება.
პროექტის თანახმად, დამტკიცდება ინფორმაციების გაცვლის წესი განათლების, შინაგან საქმეთა სამინისტროებსა და სკოლების მანდატურთა სამსახურს შორის. ამას გარდა, სავალდებულო გახდება ვიდეოკამერების დამონტაჟება სკოლებში და სკოლის მიმდებარე ქუჩებში.
იცვლება ასევე მოთხოვნები მანდატურობის კანდიდატების მიმართ. ცვლილებების თანახმად, მათ სკოლის განათლებასთან ერთად უნდა ჰქონდეთ პროფესიული ან უმაღლესი განათლებაც. გარდა ამისა, სკოლის მანდატურის მინიმალური ასაკი უნდა იყოს არანაკლებ 21 წლისა.
სკოლის მანდატურების მომზადებისას სხვა კომპონენტებთან ერთად გათვალისწინებულია ფიზიკური და პრაქტიკული მომზადება.
„პირადი გასინჯვა" იცვლება „უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებით", რაც გულისხმობს მოსწავლის მეტალოდეტექტორით დათვალიერებას აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა აუცილებლად სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა განხორციელდეს.
სიახლეა ის, რომ მანდატურმა წერილობითი ოქმი უნდა შეადგინოს მოსწავლის მიმართ გამოყენებული ღონისძიებების შესახებ, რაც მოსწავლის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად.
სკოლებში უსაფრთხოების ზომების გაძლიერების საკითხი 2017 წლის დეკემბერში მოსწავლეებს შორის სისხლიანი გარჩევის შემდეგ გაჩნდა. დაპირისპირებას თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოსწავლე ემსხვერპლა.