რა ფერის ავტომობილებით ჩაანაცვლებენ „შავ ჯიპებს" სახელმწიფო უწყებები

© FB / Toyota Russiaშავი ყველგანმავალი
შავი ყველგანმავალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წლის 15 მაისამდე სახელისუფლებო დაწესებულებებმა გაუმართავი ავტომობილები განსაკარგავად ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უნდა გადასცენ

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საჯარო დაწესებულებებისათვის შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყო ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 მარტს მიღებულ დადგენილებაში.

2018 წლის თებერვალში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მინისტრებს მოუწოდა წარსულში დატოვონ შავი ჯიპების ეპოქა და სხვა ფერის ავტომობილები შეარჩიონ.

„ვფიქრობ, დროა, საქართველოში შავი ჯიპების ეპოქა დავასრულოთ, რადგან ეს ყველას აღიზიანებს და არ დაგიმალავთ, მეც, მათ შორის. ეს არის გარკვეულად დამკვიდრებული პრაქტიკა და ვფიქრობ, როდესაც საუბარი იქნება ავტოპარკის შეცვლაზე, ჩვენ ამ შავ ფერზე უარი უნდა ვთქვათ", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

Здание правительственной администрации Грузии - Sputnik საქართველო
როგორ იზრუნებს მთავრობა მოსახლეობაზე 2018 წელს

„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის, ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ" მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები ძალაში 3 აპრილს შევიდა. შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებებს უფლება აღარ აქვთ, შეისყიდონ შავი ფერის ავტომობილები.

ამასთან, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს ევალებათ, რომ მათ ბალანსზე არსებული ყველა ავტომობილი, რომელთა გამოყენება გაუმართაობის გამო ვერ ხერხდება და შეკეთება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, განსაკარგავად ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 15 მაისამდე გადასცენ.

გარდა აღმასრულებელი ხელისუფლებისა, აღნიშნული მოთხოვნა ეხება საქართველოს პარლამენტს, საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ეროვნულ ბანკს, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

ყველა სამინისტროს ევალება, რომ 2018 წლის 25 აპრილამდე სპეციალურ სამთავრობო კომისიას წარუდგინოს როგორც სამინისტროების, ისე მათდამი დაქვემდებარებული უწყებების ავტოპარკის ოპტიმიზაციის გეგმა.

სამსახურებრივი ავტომობილით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი კომისია 2013 წლის ოქტომბერში შეიქმნა და მას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში შედის ყველა სამინისტროს წარმომადგენელი (მინისტრის მოადგილე), ასევე საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე.

აღნიშნულ კომისიას სამსახურებრივი ავტომობილებით სარგებლობის, ექსპლუატაციისა და შეძენის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მომზადება და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის კონტროლი ევალება.

ყველა ახალი ამბავი
0