თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. 500 ათას ევრო გამოყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თბილისის სატრანსპორტო ქსელის მოდერნიზებისთვის, ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.
საგრანტო ხელშეკრულებას ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობის დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ მოაწერეს. გრანტის მეშვეობით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ფრანგული კომპანია Sistra თბილისის მერიას ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის დეტალურ გეგმას შესთავაზებს.
კომპანია Sistra კვლევაზე დაყრდნობით, მრავალკომპონენტიან, ვადების მიხედვით გაწერილ პროგრამას შეიმუშავებს, რომელიც დედაქალაქისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი გახდება. კომპანიამ მერიას დოკუმენტი ხელშეკრულების 15 თვეში უნდა წარუდგინოს.
„აღნიშნული შეთანხმების შედეგად, კვლევა, რომელიც ახლო მომავალში ჩატარდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მნიშვნელოვანი დოკუმენტი ექნება. შედეგად კი, დედაქალაქის მოსახლეობამ კომფორტული, სწრაფი და უსაფრთხო საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა მიიღოს, რომელიც მგზავრთა საჭიროებებზე იქნება მორგებული და ქალაქის დატვირთვას სრულად დააკმაყოფილებს“, — განაცხადა კახა კალაძემ.
პროგრამის შედგენამდე, კომპანია ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციაზე იმუშავებს, რაც ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტების შესწავლასა და ხელახალ დაგეგმვას ითვალისწინებს. აღნიშნულ პროცესში გათვალისწინებული იქნება მეტროპოლიტენის მუშაობის სპეციფიკაც.
კომპანია Sistra-მ უნდა წარადგინოს თითოეული მარშრუტის რუკები, მარშრუტზე მოძრავი ავტობუსების რაოდენობა, გაჩერებების განრიგი, გადაჯდომის არეალები და ა.შ. ამასთან, კომპანია გადასცემს თბილისის მერიას სატრანსპორტო მოდელს — იმ სპეციალიზებულ პროგრამას, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო ქსელის შედგენისას გამოიყენება.
მერიის ინფორმაციით, დღეისათვის თბილისში 101 მარშრუტს დაახლოებით, 530 ავტობუსი ემსახურება, რაც არასაკმარისია. უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში თბილისის მერია 700 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს. მათგან 100 ავტობუსი ავტოპარკს წლის ბოლომდე შეემატება. გარდა ამისა, თბილისის მერია მეტროს ახალი მატარებლების და ვაგონების შეძენას გეგმავს.