თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ცნობილი ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი რუსეთის კინემატოგრაფიის პრემია „ნიკას" გამარჯვებული გახდა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულიცენტრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„სავარძელი" დსთ-ის და ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო ფილმის კატეგორიაში იყო წარდგენილი.
ქართულ ფილმთან ერთად ამ ნომინაციაში კიდევ ოთხი ფილმი მონაწილეობს — „ზარი მამასთან" (ყაზახეთი), „კენტავრი" (ყირგიზეთი), „მაისის ბოლო დღე" (მოლდოვა) და „ნათესავები" (ლატვია, ესტონეთი, უკრაინა). აღნიშნულ პრემიას ყოველწლიურად რუსეთის კინოაკადემია გასცემს. წელს დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მოსკოვში 21-ედ გაიმართა.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია მოსკოვში Vegas City Hall-ის საკონცერტო დარბაზში 1 აპრილს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს იგივე ნომინაციაში გამარჯვებული და „ნიკას" მფლობელი ქართველი რეჟისორი — რუსუდან გლურჯიძე გახდა ფილმით „სხვისი სახლი".
„სავარძელი" — აბსურდული სატირული ტრაგიკომედიაა. ფილმის გმირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების მინისტრი გიორგი მჭედლიშვილია, რომელიც არჩევნებში დამარცხების შემდეგ ყველაფერს კარგავს: სამსახურს, ავტომობილს და, რაც მთავარია, ძალაუფლებას. გაცოცხლებული სავარძელი კი ცდილობს, როგორმე მოქმედებისკენ უბიძგოს ყოფილ მინისტრს, მაგრამ ამაოდ.
მთავარი პერსონაჟი თავისი ოცნების გოგონას ხვდება, თუმცა, ბედი მას არცთუ სასიამოვნო სიურპრიზებს უმზადებს. ახალი ხელისუფლება ითხოვს, რომ გიორგიმ სამთავრობო აგარაკი დაცალოს, მეუღლე და ქვისლი სკანდალს აწყობენ, სახლი პოლიციელებითა და მასმედიის წარმომადგენლებითაა გარშემორტყმული, ფინალში კი სახლის შტურმი იწყება. სავარძელი გმირს გაქცევაში ეხმარება, მაგრამ კითხვა — შეძლებს კი ის გადალახოს ძალაუფლების დაუოკებელი წყურვილი, თუ დაღუპავს ყველაფერს, რაც მისთვის ასე ძვირფასია, ღია რჩება.
მთავარი გმირის როლს ფილმში მსახიობი ნიკა თავაძე თამაშობს. სცენარის ავტორები თავად ელდარ შენგელაია და გიორგი ცხვედიანი არიან, ოპერატორი — გორკა გომეს ანდრესი, მხატვარი – გოგი მიქელაძე, ფილმის კომპოზიტორია იოსებ ბარდანაშვილი.
ფილმში მონაწილეობენ ნინელი ჭანკვეტაძე, ქეთი ასათიანი, ნატალია ჯუღელი, ნანა შონია, ვანო გოგიტიძე, ზუკა დარჯანია, ტრისტან სალარიძე, ვიტალი ხაზარაძე, მერაბ გეგეჭკორი და სხვები.
პრემია „ნიკა" 1987 წელს სსრკ-ის კინემატოგრაფისტთა კავშირის სამდივნომ დააწესა. მისი დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი იული გუსმანია. პრემიის პრეზიდენტები სხვადასხვა დროს იყვნენ ვიქტორ მერეჟკო, ელდარ რიაზანოვი, ალექსეი ბატალოვი. 2013 წელს პრეზიდენტის პოსტი ანდრეი კონჩალოვსკიმ დაიკავა.