თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს იმ ქრისტიანებს, ვინც დღეს აღდგომას ზეიმობს, აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ქრისტიანების ნაწილი ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს პირველ აპრილს აღნიშნავს.
„ყველას, ვინც დღეს უდიდეს დღესასწაულს-ქრისტეს აღდგომას ზეიმობს, ჩვენს თანამემამულეებს, კათოლიკური, სომეხთა სამოციქულო და ლუთერანული ეკლესიების მრევლს ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. აღდგომა განახლების და სიცოცხლის დღესასწაულია და უდიდესი სიხარულია ყველა ქრისტიანისათვის. ვუერთდები მათ დიდ სიხარულს და ვუსურვებ მშვიდობას, წარმატებას და წინსვლას“, — წერს კობახიძე.
თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ სამეუფეო ტაძარში, ისევე როგორც ყველა მოქმედ კათოლიკურ ეკლესიაში, ღამისთევის სააღდგომო ლიტურგია გუშინ ღამის 23:30 საათზე დაიწყო.
კათოლიკური ეკლესიის გარდა, აღდგომის დღესასწაულს პირველ აპრილს ზეიმობს სომეხთა სამოციქულო ეკლესიაც. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის საკათედრო ტაძარში – სურბ გევორქის ეკლესიაში, სააღდგომო მსახურება პირველ აპრილს 11:00 საათზე დაიწყება.
პირველ აპრილს აღდგომას ევანგელურ-ლუთერული ეკლესიაც აღნიშნავს. შერიგების ეკლესიაში (ტერენტი გრანელის 15) სადღესასწაულო ლიტურგია პირველ აპრილს, 11:00 საათზე დაიწყება და მას ეპისკოპოსი მარკუს შოხი ჩაატარებს.
მართლმადიდებელი ეკლესია კი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 8 აპრილს იზეიმებს.
ქრისტიანულმა ეკლესიამ 325 წლის ნიკეის საეკლესიო კრებაზე იულიუსის კალენდრის გამოყენება დააწესა. კრების გადაწყვეტილებით, პასექის დღესასწაული დაწესდა გაზაფხულის ბუნიობის შემდგომი პირველი სავსემთვარობის მომდევნო კვირას. მაგრამ დროთა განმავლობაში, იულიუსის კალენდრის უზუსტობის შედეგად დაგროვილი ცდომილების გამო, გაზაფხულის ბუნიობამ ადრეულ (წინა) რიცხვებზე გადაინაცვლა. იმის გამო, რომ ნიკეაში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩენილიყო, რომის პაპმა გრიგორიუს XIII-მ 1582 წელს კალენდრის ჩასწორება განიზრახა და განახორციელა. ამჟამად კათოლიკე და დღესდღეობით ახალი სტილით, ანუ გრეგორიანული კალენდრით, სარგებლობენ კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთისა და ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიები, ხოლო ძველი სტილით საქართველოს ეკლესიასთან ერთად, რუსეთის, სერბეთისა და იერუსალიმის ეკლესიები.