თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივ კამპანიას „ნუ მოჭრი ბზას" იწყებენ.
ამ დროისთვის კოლხურ ბზას გადაშენება ემუქრება პარაზიტი Cydalima perspectalis–ის, ანუ ბზის ალურას გავრცელებისა და ასევე რამდენიმე წლის წინ გაჩენილი დაავადების გამო, რომელიც მცენარეს ახმობს. კოლხური ბზა წითელ წიგნშია შეტანილი.
„სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს განსაკუთრებულად ამკაცრებს. სამართალდარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი სანქციები ამოქმედდება", — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.
საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს — აღიძრება სისხლის სამართლის საქმე. ჯარიმის გადახდასთან ერთად, კანონდამრღვევი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზარალი.
საქართველოში მართლმადიდებლები კოლხურ ბზას და ასევე ბზის ტოტებს ბზობის კვირას აკურთხებენ.
სამინისტროს განცხადებით, ბზის რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან.
საქართველოს სატყეო ეროვნული სააგენტო კოლხური ბზის შენარჩუნებისთვის აპრილიდან რიგი ზომების გატარებას გეგმავს. სააგენტოს თანამშრომლები სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის რეგიონებში ბიოლოგიური პრეპარატით 550 ჰექტრამდე ტერიტორიას დაამუშავებენ. წლის განმავლობაში მსგავსი ღონისძიება სამჯერ განხორციელდება.
2016–2017 წლებში ბზის კორომების ბიოლოგიური პრეპარატით დამუშავებამ შედეგი უკვე გამოიღო: კოლხურმა ბზამ აღდგენა დაიწყო, მავნებლების რაოდენობა კი შემცირდა.