თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უხლოეს მომავალში გაასაჯაროვებს იმ ობიექტთა სიას, სადაც სახანძრო უსაფრთხოების წესებს არღვევენ, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში ბოლო წლის განმავლობაში რამდენიმე მსხვილი ხანძარი მოხდა: 2018 წლის თებერვალში ბაზრობა „ქალაქის“ გულის“ ტერიტორიაზე 5000 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა; 2017 წლის ნოემბერში ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2017 წლის იანვრის ბოლოს სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ დაიწვა.
„საზოგადოებას აქვს უფლება, მისივე უსაფრთხოებისთვის, ფლობდეს ინფორმაციას სად არ არის დაცული სახანძრო უსაფრთხოების წესები. შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს იმ ობიექტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას, სადაც არ იქნება დაცული სახანძრო უსაფრთხოების წესები“, — ნათქვამია განცხადებაში.
2017 წელს საქართველოში 6 000-მდე შენობა-ნაგებობა შემოწმდა, 200-მდე ობიექტი დაჯარიმდა, ათასობით შენობის მეპატრონეებზე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.
სამსახურში აღნიშნეს, რომ ყოველწლიურად იზრდება ხანძრებისა და ხანძრებით გამოწვეული ზიანისა და ზარალის რაოდენობა, შესაბამისად პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველა შენობაში დაცული იყოს სახანძრო უსაფრთხოების წესები.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ყველა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, დროულად შესრულდეს ყველა რეკომენდაცია, რათა არ შევუქმნათ საფრთხე ადამიანების სიცოცხლეს“, — მიმართავს უწყება დიდი შენობების მფლობელებს.
სამსახური სახანძრო უსაფრთხოების კუთხით პერიოდულად ამოწმებს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო დაწესებულებებს, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
საქართველოში 1998 წლიდან „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ კანონი მოქმედებდა, თუმცა 2017 წლის მარტში პარლამენტის გადაწყვეტილებით ამ კანონმა ძალა დაკარგა.
მის ნაცვლად 2017 და 2018 წლებში საკანონმდებლო ორგანომ 2014 წელს მიღებული კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ დახვეწა, რომელიც დღეისათვის სახანძრო უსაფრთხოების საკითხებს არეგულირებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სახანძრო უსაფრთხოების დამრღვევები სხვადასხვა ოდენობის ფულადი ჯარიმებით ისჯებიან. ამასთან მინიმალური ჯარიმა 50 ლარს შეადგენს.
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ უახლოეს დროს პარლამენტში წარადგენენ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.