მაქმანებიანი საჭრელი დაფები, ძველი ბარსელონა და წინაპრების სოფელი კახეთში

© Photo: Courtesy of Art Daphaგიული გოგვაძე
გიული გოგვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ესპანელებს აქვთ ასეთი გამოთქმა: ყველა ადამიანი ცალკე სამყაროა და ყველა ადამიანს თავისი პატარა ისტორია აქვს. ამ სამყაროს შესახებ მას სულ უნდა, რომ სხვას მოუყვეს. ზოგს ეს ამპარტავნობით მოსდის, ზოგს ინტერესის გამო. ყველა შემთხვევაში, არის საერთო სურვილი, რომ რაც მას უფიქრია და გაუკეთებია, სხვას გაუზიაროს“.

 ეს სიტყვები ეკუთვნის ჩემს რესპონდენტს, ქალბატონ გიული გოგვაძეს, რომელიც თავისი ცხოვრების პატარა, მაგრამ საინტერესო ამბავს ახლა თქვენ გიამბობთ. მე მოკლედ გეტყვით, რომ ესპანეთში ცხოვრების მერე, ის თავისი წინაპრების სოფელში დასახლდა და ცდილობს, რომ მის გარშემო ყველაფერს ესთეტიკური ღირებულება ჰქონდეს…

© Photo: Courtesy of Art Daphaგიული გოგვაძის ნამუშევრები
გიული გოგვაძის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გიული გოგვაძის ნამუშევრები

- ქალბატონო გიული, პროფესიით მეან-გინეკოლოგი ხართ, მაგრამ ხელოვნებისადმი თანდაყოლილი ნიჭის გამო თქვენი ცხოვრება სულ სხვაგვარად წარიმართა…

— ასეცაა, წარმოიდგინეთ, ცხოვრების მანძილზე ამიშენებია სახლი, დამირგავს ბევრი ხე, გამიშენებია ბაღი, მომიწყვია ეზო და ინტერიერი, ანუ შინაგანად ყოველთვის მეხერხებოდა შემოქმედებით საქმიანობა.  ადრე, თეთრწყაროს რაიონში ვმუშაობდი მეან-გინეკოლოგად და საავადმყოფოდან ვერ გამოვდიოდი. იქ ძალიან დიდი პრაქტიკა გავიარე. ჩემი პედაგოგი ქალბატონი ეთერ შუშანია იყო. პირველი ოპერაციები მან გამაკეთებინა. იმ დროს ალბათ ვერც ვიფიქრებდი, რომ ერთ დღესაც ცხოვრებას შორეულ ესპანეთში გავაგრძელებდი.

© Photo: Courtesy of Art Daphaგიული გოგვაძის ეზო სოფელ ხაშმში
გიული გოგვაძის ეზო სოფელ ხაშმში - Sputnik საქართველო
გიული გოგვაძის ეზო სოფელ ხაშმში

- ესპანეთზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, ახლა მინდა, გაიხსენოთ, როგორ გაგიჩნდათ იდეა სამზარეულოს საჭრელი დაფები ინტერიერის გასალამაზებელ დეკორად გექციათ?

— ეს იყო შარშანწინ, აგვისტოს თვეში, უცბად თავში აზრი მომივიდა, რომ გამეკეთებინა სამზარეულოს ჩვეულებრივი საჭრელი დაფა, რომელიც კერამიკით იქნებოდა გაფორმებული. ამ დაფის შექმნის იდეა გამიჩნდა ულამაზესი ესპანური კერამიკის ნახვის დროს, რომელიც თბილისში შემთხვევით აღმოვაჩინე. დაფაზე მუშაობის დროს ეს კერამიკა გამოვიყენე და ჩემს კოლექციაში, საწყის ეტაპზე სწორედ ეს დაფები გამოჩნდა. კერამიკის მერე, მაქმანებზე გადავედი. მათ ჩემს ბავშვობაში ძალიან ფართოდ იყენებდნენ. მაქმანი ჩვენი სკოლის ფორმის განუყრელი აქსესუარი იყო. დედა მას მაგიდის გადასაფარებლის, თეთრეულის, ფარდების გასაწყობად იყენებდა. ბებია კი დროისგან გაწყალებულ ფარდებს ისე კემსავდა, თითქოს ორნამენტებს ქარგავსო. არადა, ისინი ჩვეულებრივი ძაფით იყო დაკემსილი. ბავშვობიდან მიღებული ასეთი ინფორმაციები ქვეცნობიერში ილექებოდა, მას დაემატა ის შინაგანი მუხტი, რაც დაბადებიდან დამყვა და საბოლოოდ მივიღე ჩემი „არტ დაფა“, რომელშიც მაქმანი გამოვიყენე. ეს არის მთავარი, წამყვანი კომპონენტი, ანუ ის, რის გარშემო მაქმანი ლამაზ კომპოზიციას ქმნის. ჩემი ნამუშევრები თბილისში სამჯერ მქონდა გამოფენილი.

© Photo: Courtesy of Art Daphaმაქმანებიანი საჭრელი დაფა
მაქმანებიანი საჭრელი დაფა - Sputnik საქართველო
მაქმანებიანი საჭრელი დაფა

-ქალბატონო გიული, ბარსელონაში რომ მოხვდება ადამიანი, ის ალბათ ყოფასაც სხვა თვალით შეხედავს…

— დიახ, ესპანეთში ჩემი ცხოვრების გარკვეული ნაწილი გავატარე. ვფიქრობ, ამ ქვეყანას ძალიან კარგად ვიცნობ. იქ 90-იან წლებში წავედით, როცა აქ ყველაფერი აირია. ვცხოვრობდი ბარსელონაში, სადაც შვილებიც წავიყვანე. იქ ხელოვნებისადმი დამოკიდებულება უფრო გამძაფრდა. ესპანეთში ბევრი ისეთი დეტალი აღმოვაჩინე, რომელიც უნახავად ვიცოდი, ანუ მათზე წარმოდგენა მანამდე შემექმნა, სანამ ვნახავდი. ბარსელონაში ბინის ინტერიერს საკუთარი გემოვნებითა და ფანტაზიით ვაწყობდი. უცნაურ დეტალებს ისე ვუხამებდი ჩემს ინტერიერს, რომ ყველა გაკვირვებული რჩებოდა: ჩვენ როგორ ვერ ვხედავდით და შენ შეამჩნიეო.

© Photo: Courtesy of Art Daphaმაქმანებიანი საჭრელი დაფა
მაქმანებიანი საჭრელი დაფა - Sputnik საქართველო
მაქმანებიანი საჭრელი დაფა

- ესპანეთიდან ჩამოსვლის მერე წინაპრების სოფელში დასახლდით…

— ჩემი წინაპრები საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმიდან იყვნენ.  წარმოშობით გურულები ვართ, მაგრამ ჩვენი წინაპრები კახეთში და კონკრეტულად ხაშმში ჩამოსულან. მე ვთვლი, რომ ეს ჩემი სოფელია. ესპანეთის მერე აქ დავბრუნდი, სახლიც ავაშენე და ბაღიც გავაშენე. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ… ესპანეთის მონატრებას ნოსტალგიას ვერ დავარქმევ, იმიტომ, რომ ჩემი ახლობლები იქ არიან და თითქმის ყოველ წელს ჩავდივარ. როცა იქ ვარ, ნოსტალგიას მაშინ ვგრძნობ. ბარსელონაში ჩასვლის დროს კი ერთი დღე ვიკარგები ხოლმე, ისე, რომ ჩემი და და დისშვილები ვერ მხედავენ. ფეხით დავდივარ და ვნახულობ იმ ადგილებს, რომელთა ნახვაც მსიამოვნებს და რომელიც შემიყვარდა. ეს არის ადგილი, სადაც ძველი ბარსელონაა.

© Photo: Courtesy of Art Daphaმაქმანებიანი საჭრელი დაფა
მაქმანებიანი საჭრელი დაფა - Sputnik საქართველო
მაქმანებიანი საჭრელი დაფა

-ქალბატონო გიული, ქართველებს გვიყვარს პარალელები, მაგრამ თქვენ ქართულ და ესპანურ ხასიათს შორის მსგავსებას ვერ ხედავთ, ასეა?

— ასეა, ამ ორი ხალხის ხასიათს შორის პარალელს ნამდვილად ვერ გავავლებ. ქართველისთვის პარალელების ძებნა ყოველთვის მნიშვნელოვანი თემაა. ეს ალბათ პატარა ერის დიდი კომპლექსია, რომ ყოველთვის ავლებენ ვიღაცასთან პარალელს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პარალელს ვერ გავავლებდი, იმიტომ, რომ მათ ტემპერამენტი ზღვისაა, ჩვენ კი მთის. მათი ხმელთაშუაზღვის ტემპერამენტია, ჩვენი- კავკასიური, რომელიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია.

© Photo: Courtesy of Art Daphaგიული გოგვაძის ეზო სოფელ ხაშმში
გიული გოგვაძის ეზო სოფელ ხაშმში - Sputnik საქართველო
გიული გოგვაძის ეზო სოფელ ხაშმში

- დღეს, კავკასიური ტემპერამენტის მქონე ადამიანებს შორის კახეთში ცხოვრობთ…

— მუდმივად თავდაცვის მდგომარეობაში ყოფნამ და გადარჩენის ინსტიქტმა ჩვენში ხასიათის ისეთი შტრიხები განავითარა, რაც სხვა ერში არ არის. ეს ფაქტი არქიტექტურაშიც აისახა. დააკვირდით, აღმოსავლეთ საქართველოში სახლები როგორ ახლოს არის აშენებული, რაც მარტო მცირემიწიანობის გამო არ ხდებოდა. ეს ერთად ყოფნის ფენომენია, მტრისგან დაცულად თავს უფრო ასე გრძნობდნენ. დასავლეთსაც ჰყავდა მტერი, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოზე ყველაზე მეტად ტყდებოდა ჯოხი… ამან ამ კუთხის ადამიანების ხასიათზეც იმოქმედა. ბედნიერი ვარ, რომ დღეს წინაპრების მიწაზე მიწევს ცხოვრება…

ყველა ახალი ამბავი
0