უნიკალური ფაქტები მეფე ერეკლე მეორის შესახებ - წიგნის პრეზენტაცია

© photo: Sputnik / StringerArt Palace
Art Palace - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფართო საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება საქართველოს შესახემ ამ დრომდე უცნობ მასალებს გაეცნოს

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. თბილისში პრეზენტაცია წიგნისა „მეფე ერეკლე ინგლისურ და ირლანდიურ პრესაში", რომელშიც დიდი ქართველი მეფის შესახებ უნიკალური ისტორიული მონაცემებია შესული, ხელოვნების სასახლეში შაბათს გაიმართება, ნათქვამია ხელოვნების სასახლის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

წიგნში მრავალ კითხვაზეა პასუხი გაცემული. მათ შორის, თუ რატომ წერდა ინგლისური პრესა იმის შესახებ, რომ „პატარა კახი" ლონდონში სამეფო სამხედრო აკადემიაში სწავლობდა, როგორ პირობებში მოუხდა მეფეს გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერა და საეჭვო ვითარებაში რატომ იღუპებოდნენ საქართველოდან ევროპაში გაგზავნილი ელჩები.

მასშტაბური პროექტი 2014 წელს დაიწყო და მისი პირველი ეტაპი განხორციელდა „ფონდი ქართუს"ფინანსური თანადგომით, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით. ყოველივე ამის წყალობით, პირველად ითარგმნა და სათანადო კომენტარებთან ერთად გამოიცა მე-18 საუკუნის 200-ზე მეტი გამოუქვეყნებელი ცნობა.

ფოტოკოლაჟი - ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
როგორი იყო თბილისის მმართველობა ერეკლე მეორის დროს

„ეს ნაშრომი საზოგადოებისათვის დღემდე უცნობ, უნიკალურ ისტორიულ ცნობებს აერთიანებს და მეფე ერეკლეს წარმატებულ სამხედრო და პოლიტიკურ კარიერაზე, მის პროდასავლურ ორიენტაციასა და მსოფლიო პოლიტიკაში ქართველი მონარქის ღირსეულ ავტორიტეტზე გვიამბობს", — ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ავტორები აცხადებენ, ერეკლე მეორის შესახებ ინფორმაცია ინგლისური გაზეთების პირველ ან ძირითადი სიახლეების გვერდებზე იბეჭდებოდა. აღსანიშნავია, რომ ინგლისურ პრესას არცერთი ქართველი მონარქისადმი მსგავსი ინტერესი არ გამოუჩენია.

XVIII საუკუნეში ბრიტანული პრესის 29 ძირითადი გამოცემა, მათ შორის, British Evening Post-ი, Public Ledger-ი, Public Advertiser-ი, London Evening Post-ი, და სხვა გამოცემები აქტიურად წერდნენ მეფე ერეკლეს პირად თვისებებზე, მის პოლიტიკურ მიღწევებსა თუ სამხედრო გამარჯვებებზე.

წიგნში ასევე შესულია ინგლისურ პრესაში დაბეჭდილი დოკუმენტები და ცნობები იმდროინდელი საქართველოს მდგომარეობის შესახებ. ევროპელების თვალით დანახული XVII-XVIII საუკუნის საქართველო, მისი გეოგრაფია, კულტურა და ტრადიციები, დღემდე არსებული ისტორიული ფაქტების ახლებურ და მეტად საინტერესო ჭრილში განხილვის საშუალებას იძლევა.

ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორე ქართველმა ხალხმა შეიყვარა და „პატარა კახი" უწოდა.

ერეკლე მეორე — კახეთის (1744 – 1762 წლები), ქართლ-კახეთის (1762 —1798 წლები) მეფე, 1720 წელს თეიმურაზ მეორისა და თამარ მეფის (ვახტანგVI-ის ქალიშვილი) ოჯახში დაიბადა.

ერეკლე მეორე იყო დიდი სარდალი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც კიდევ ერთხელ აღადგინა ქვეყნის ძლიერება და პრესტიჟი. მისი საბრძოლო ნათლობა 1735 წელს მოხდა, როდესაც იგი 15 წლის იყო. თავისი წინაპრების მსგავსად ერეკლე მეორემ მრავალი გამარჯვება მოიპოვა და ლეგენდად იქცა.

ერეკლე მეფე საქართველოს მეფეთა შორის ერთ-ერთი მრავალშვილიანი იყო, მას 16 ვაჟი და 12 ქალიშვილი ჰყავდა.

„პატარა კახი" ისტორიულ ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარშია დაკრძალული.

ყველა ახალი ამბავი
0