თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს შსს–ს სამეგრელო – ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსად ნიკოლოზ დიასამიძე დაინიშნა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.
დიასამიძემ ამ თანამდებობაზე გურამ ზესაშვილი შეცვალა. ქართული მასმედიის ინფორმაციით, სამხარეო სამმართველოს უფროსის გარდა ასევე იგეგმება რეგიონში შემავალი შვიდივე რაიონული პოლიციის უფროსის შეცვლა, თუმცა, ამ ინფორმაციას შსს–ში ჯერ არ ადასტურებენ.
ამას გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, ვიცე–პრემიერმა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში სამხარეო პოლიციის თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ საკადრო გადაადგილებების გადაწყვეტილება მიიღო.
ქართული მასმედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზუგდიდის პოლიციის უფროსი შეიძლება გიორგი გვილავა გახდეს. ამ დანიშვნის წინააღმდეგია ადგილობრივი მცხოვრები გიორგი კუკავა, რომელიც 2017 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Lendo–ს ოფისზე ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
გასული წლის ნოემბერში ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კუკავა გაამართლა და წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. კუკავა მიიჩნევს, რომ მან რვა თვეზე მეტი უკანონოდ გაატარა საპატიმროში და ამაში გვილავას ადანაშაულებს. 2018 წლის იანვარში კუკავამ საჩივრით მიმართა საქართველოს პროკურატურას, სადაც აღძრეს სისხლის სამართლის საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.
„მინდა მინისტრს ხმა მივაწვდინო, რომ გიორგი გვილავამ და ლევან კვირკვაიამ, რომლებიც თანამდებობრივად ახლა არიან ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილეები, გააყალბეს ჩემი საქმე, ჩემი ექსპერტიზები“, – განუცხადა კუკავამ ჟურნალისტებს.
კუკავა მიიჩნევს, რომ გვილავა ამ თანამდებობაზე არ უნდა დაინიშნოს და აღნიშნავს, რომ საოლქო პროკურატურაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
შსს–ში ასევე არ აცხადებენ, დაინიშნება თუ არა გვილავა ზუგდიდის პოლიციის უფროსად.
რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმას, დამნაშავე უკვე ცნობილია. ესაა ზურაბ ფარცვანია, რომელსაც ამ საქმეზე 5 წლით, 4 თვითა და 15 დღით პატიმრობა შეეფარდა.