მასზე მისულმა დამთვალიერებელმა ქართველი ხელოვანი ქალბატონების ნამუშევრები იხილა. მათგან უმეტესობა მხატვრები არიან. ჩვენი რესპონდენტი კი ინგლისური ენის სპეციალისტი გახლავთ და მას ერთადერთს ჰქონდა გამოფენაზე ნაქსოვი თოჯინები წარმოდგენილი. საუბარია ქალბატონ ქეთი კახიძეზე.
- ქალბატონო ქეთი, დასაწყისშივე მინდა გკითხოთ: ამ მეთოჯინე ქალებს, გარდა გატაცებისა, რა თვისება გაერთიანებთ?
— მე ვფიქრობ, რომ ეს თავად ქმედების, ანუ თოჯინების შექმნის სიყვარულია. სულ გინდა რაღაც აკეთო, იმიტომ კი არა, რომ თოჯინა გიყვარს, რასაც აკეთებ, ის საქმე გიყვარს. ასეთი უცნაურობა დამემართა- დავიწყე და ვეღარ ვჩერდები, სულ მინდა, რომ ვიმუშაო. საქართველოში არაჩვეულებრივი მეთოჯინე ქალბატონები არიან, ვინც პოლიმერულ თიხაზე და ფაიფურზე მუშაობენ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ შედევრებს ქმნიან.
- რამდენადაც ვიცი, თოჯინებს ჩვენში იშვიათად ქსოვენ..
— ჩვენთან ბევრი არ შემხვედრია, რომ ქსოვდეს, ნაჭრის და თექის თოჯინებზე ბევრი მუშაობს. ამ გამოფენაზე მოქსოვილი თოჯინები მხოლოდ მე მქონდა გატანილი. სხვა მასალით არც მიმუშავია, თოჯინებს ყაისნაღით ვქსოვ. თავიდან ამ საქმით ერთი შემთხვევის მერე დავინტერესდი. ჩემმა მეგობარმა, მაია ყუფარაძემ ერთ მეთოჯინეს ჩემი ასლი-თოჯინა გააკეთებინა. ამის მერე გადავწყვიტე, მისთვის ძაღლი ტაქსა მეჩუქებინა. სოციალურ ქსელში, ერთი გვერდზე ხელნაკეთ თოჯინებს შორის ხელნაკეთი ტაქსა ძაღლები ვნახე. გადავწყვიტე, მოდი, ინტერნეტში ვნახავ როგორ მზადდება ასეთი ძაღლები მეთქი და ნიმუშები ამომიგდო. მერე საქმე ისე წავიდა, რომ მარტო ცხოველებს არ ვაკეთებდი.
- ქსოვის ამგვარი ტექნიკა სადაურია?
— ყაისნაღით ქსოვის ამგვარ ტექნიკას იაპონიაში იყენებენ, ოღონდ, იაპონელების თოჯინები უფრო მარტივია. იაპონიის გარდა, ძალიან დახვეწილი შემოქმედები არიან რუსეთსა და გერმანიაში. ადრე მხოლოდ ბებია და ბაბუებისგან ვიცოდით, რომ ისინი ნაჭრისგან შეკერილ თოჯინებით თამაშობდნენ. აი, დღეს, ჩვენც ამ ფაქტურაზე გადავედით და იქითკენ მივდივართ, რაც ნატურალურია და ადრე იყო. დღეს ხშირად ამბობენ, რომ ზოგი უცხო ქვეყნიდან შემოტანილი თოჯინები ჯანმრთელობისთვის საშიშ საღებავს შეიცავს. ნაჭრით გაკეთებული ან მოქსოვილი თოჯინები კი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.
- ქალბატონო ქეთი, რომელიმე პერსონაჟის მოქსოვის სურვილი ხომ არ გაქვთ?
— შეიძლება გაგიკვირდეთ და, ძალიან მინდა „ბაბა იაგა“ მოვქსოვო, ჩემი აზრით, რადგან ძალიან ლამაზია.
- „ბაბა იაგაზე“ ლამაზიაო — პირველად მესმის…
— მართალია, უშნო ნაკვთები აქვს, მაგრამ ძალიან დამახასიათებელი სახე. პირველად როცა მოქსოვილი „ბაბა იაგები“ ვნახე, გავგიჟდი, ისე მომეწონა და მას შემდეგ მაწუხებს ეს იდეა.
- როგორ მოქსოვთ, ცოცხზე გადამჯდარს თუ?
— არა, მას არა… მე რაც ვნახე მათზე გეტყვით, რომ ისინი უფრო გათანამედროვებული, „გაბარბებული“ და „გაპამელაანდერსენებულები“, ანუ ფორმიანი „გოგოები“ არიან. რაც შეეხება, ჩემი ფანტაზიით შექმნილ პერსონაჟებს, ერთი უცნაური თოჯინა მაქვს მოქსოვილი, რომელიც ჯერ მინდოდა, აფრიკელი ყოფილიყო, რადგან ნაწნავი აქვს და თითქოს აფრიკელს ჰგავს. ცერა თითი ძალიან გრძელი ჰქონდა და ფეხსაცმლის ნაცვლად „შლოპანცი“ ჩავაცვი, თასმები გავუკეთე და რომაელი ტროლი გამოვიდა. როცა გამოფენაზე რომ გავიტანე, ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა ასევე თქვა-ძალიან მაგარი ტროლიაო. გამოდის, რომ ჩემი თოჯინა „ქართველი ტროლია“. ისე, აბა, გაიხსენეთ ჩვენი ერთი ანიმაციური ფილმი, სადაც მსგავსი გმირია, მაგალითად, ალქაჯი. ის ხომ თვალით არავის უნახავს? არავინ იცის როგორია. უბრალოდ, იციან, რომ ქალის გამოსახულება აქვს.
- სხვათა შორის, ქართულ მითოლოგიაშია დაახლოებით ასეთივე „ხასიათის“ პერსონაჟები — ტყაშმაფა და ალი…
— ალი ვიცი და მასთან დაკავშირებით ბავშვობის ამბები მახსენდება. მე იმერელი ვარ და ჩვენს სოფელში, თერჯოლის რაიონის სოფელ ალისუბანში, ძირითადად მამაკაცებს აშინებდნენ: მდინარესთან არ ჩაიაროთ, იქ ნაძრახი ადგილია და ალქაჯი გამოგეცხადებათო. ასეთი ისტორიები მარტო კაცებს ემართებოდა და მათაც რეალურად ეშინოდათ. ერთი სახალისო ამბავი მინდა მოგიყვეთ: დედაჩემის ერთ-ერთი ძმა, ძალიან მაკვარანცხი ადამიანია. ერთხელ მან დაინახა, რომ გვიან ღამე მდინარესთან მეზობელმა გაიარა. სხვებისთვის უთქვამს: გაჩუმდით, ახლა რაღაც უნდა გავაკეთოო და მდინარეში, წყლის ქვეშ ქვების ჭახუნი დაუწყია. ღამით ეს ხმა ცოტა სხვანაირად, უფრო საშიშად ისმის. თან იმ სოფლის ქალებს, ვინც იქ იყვნენ, ყველას გრძელი თქმები ჰქონდა გაშლილი და ეს მთვარის შუქზე და შორიდან, ცოტა სხვანაირ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ეტყობა, ამ ყველაფერმა ის კაცი ისე დააშინა, რომ გიჟივით მოკურცხლა სახლში. მერე სახლში მოუყოლია, რომ მდინარეზე ალქაჯები ვნახეო. მოკლედ ორი კვირა ძალიან ცუდად ყოფილა. ასე რომ, საქართველოში ასეთი „პერსონაჟებით“ შეშინების ობიექტები ძირითადად კაცები იყვნენ.
-თქვენს მიერ მოქსოვილი „ალუკა“ როგორი იქნება?
— ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ქალი რომ იქნება, წყალი არ გაუვა და მისი მითოლოგიური პროტოტიპივით ლამაზი. ალბათ რაღაცით ბარბის დაემსგავსება. ცდუნებისთვის უნდა გაგეძლო, რომ ასეთ ლამაზს არ გამოლაპარაკებოდი. აბა, მახინჯ „ბაბა იაგას“ რომ დაეძახა ღამით: მოდი, მიდიო!- მასთან ვინ გაიქცეოდა? პატარაობისას არც ქსოვა მიყვარდა და არც კერვა, პრინციპში, ამის საჭიროება არ იყო, რადგან ბევრი თოჯინა მყავდა. დღეს კი აღმოჩნდა, რომ თურმე, კერვა და ქსოვა შემიძლია და ეს საქმე კარგად გამომდის…