თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ძლიერი ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ხანძარი დღეს დილით გაჩნდა, რომლის შედეგადაც მთლიანად დაიწვა ორი საცხოვრებელი სახლი, ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობები და საქონლის სადგომები. დახოცილია 13 სული საქონელიც. ასევე, დამწვარია ოჯახების საკუთრებაში არსებული ორი ავტომობილი.
საბედნიეროდ, ოჯახის წევრებმა სახლების დატოვება დროულად მოახერხეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ დამხმარე ნაგებობაში ხანძარი დაზიანებული ელექტროგაყვანილობის გამო გაჩნდა.
ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახებს სამშენებლო მასალით დაეხმარება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „Sputnik–საქართველოს“ განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით და ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.