თბილისი, 29 მარტი – Sputnik. აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც თბილისში ლიფტში 13 წლის მოზარდზე თავდასხმის გამო დააკავეს, სავარაუდოდ, ფსიქიკურად ავადმყოფია, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო ინიციატივის ფონდის“ ხელმძღვანელმა ზაურ ხალილოვმა პრესკონფერენციაზე.
ინციდენტი ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალში ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ოთხშაბათს, დღისით მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, 22 წლის ბრალდებული ლიფტში შევიდა, სადაც არასრულწლოვანი იმყოფებოდა. მალე მეზობლებმა ყვირილის ხმა გაიგონეს და პოლიცია და „სასწრაფო დახმარება" გამოიძახეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ბიჭისთვის თვალების დათხრას და თოკით გაგუდვას შეეცადა.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ადამიანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, ანუ მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა საეჭვოა“, – განაცხადა ხალილოვმა.
დაზარალებულის ნათესავმა სექსუალური ძალადობის მცდელობა გამორიცხა. მისი თქმით, თავდამსხმელი სატანისტი იყო, რადგან თავდასხმის დროს განაცხადა, რომ ბიჭი სატანისთვის მსხვერპლად უნდა შეეწირა.
მეზობლების განცხადებით, ბრალდებული ადრე არასდროს უნახავთ.
დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, მას სახე დასისხლიანებული ჰქონდა. არსებობდა საფრთხე, რომ მოზარდს მხედველობა დაეკარგა, მაგრამ, ბოლო მონაცემების თანახმად, ამის საშიშროება ამ დროისთვის არ არის.
მოზარდი გვიან ღამით ოფთალმოლოგმაც მოინახულა. მას თვალზე ქირურგიული ჩარევა აღარ დასჭირდა, თუმცა, დაშავებულს ტვინის შერყევა, მხედველობის პრობლემა და სისხლჩაქცევები აღენიშნება.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 126-ე მუხლით („დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია"), რაც თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6 წლამდე ვადით ისჯება.