თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ფეხბურთში (U-17) ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის პოლონეთში მიმდინარე ელიტ-რაუნდის დასკვნით მატჩში მაკედონიის გუნდი გაანადგურა — 6:1.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ქართველების კაპიტანი ზურიკო დავითაშვილი გახდა. მან მეტოქის კარში ოთხი ბურთი გაიტანა. ერთი გოლი გაიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ, ხოლო კიდევ ერთი მაკედონიელებმა საკუთარ კარში თვითონ გაიტანეს.
ამ გამარჯვების წყალობით გიორგი ნემსაძის გუნდმა ჯგუფში ოთხი ქულა დააგროვა და კვარტეტში მეორე ადგილი დაიკავა.
თუმცა, ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიკაციისთვის, რომელიც მიმდინარე წლის მაისში ინგლისში გაიმართება, ეს შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს.
უეფას რეგლამენტით, კონტინენტის პირველობაზე ავტომატურად ხვდებიან ელიტ-რაუნდის რვავე ჯგუფის გამარჯვებულები, ასევე რვიდან შვიდი საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდი. ეს 15 გუნდი ითამაშებს ინგლისში. ინგლისის გუნდი შესარჩევ ტურში არ მონაწილეობდა, როგორც მასპინძელი ქვეყანა.
ამჟამად საქართველოს ნაკრებს მეორე ადგილზე გასულ გუნდებს შორის ყველაზე უარესი მაჩვენებლები აქვს. არის მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის მიზერული შანსი. ამისთვის დღეს ისრაელის გუნდმა უნგრეთს უნდა სძლიოს მინიმუმ სამი ბურთის სხვაობით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თამაში უნგრეთში იმართება.
მატჩი ისრაელსა და უნგრეთს შორის თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.