ქუთაისელი პიანისტის ჰოლანდიური ამბავი

© Photo: courtesy of Irina Akhvledianiირინა ახვლედიანი
ირინა ახვლედიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ქართველი პიანისტის მიერ ქუთაისიდან ამსტერდამამდე გავლილ გზაზე მოგვითხრობს.

სოციალურ ქსელებში გამოხმაურება მოჰყვა ვიდეოს, სადაც ამსტერდამის ვაგზალზე არსებულ როიალზე უცნობი ქალბატონი ქართულ მელოდიებს ასრულებს. ეს ვიდეო ქართველმა ემიგრანტებმა ბევრ ქვეყანაში გაიზიარეს. ცნობისმოყვარეობამ გვაიძულა ეს ადამიანი მოგვეძებნა, ის ჰოლანდიაში ვიპოვეთ. უცნობი ქალბატონი ქუთაისელი პიანისტი ირინა ახვლედიანი აღმოჩნდა.

მუსიკალურ სამყაროში ექვსი წლიდან შეაბიჯა. წარმატებით დაამთავრა ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელი და ქუთაისის კონსერვატორია, სადაც სწავლის პარალელურად კონცერტმაისტერადაც მუშაობდა. 2000 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მოხვდა. რესპუბლიკურ კონკურსზე მას საუკეთესო კონცერტმაისტერის წოდება მიენიჭა. პიანისტს ქუთაისსა და თბილისში სოლო და კამერული კონცერტები აქვს გამართული. დღეს ირინა ახვლედიანი ამსტერდამის მუსიკალურ სკოლაში მუშაობს.

© Photo: courtesy of Irina Akhvledianiირინა ახვლედიანი ვაჟიშვილთან ერთად
ირინა ახვლედიანი ვაჟიშვილთან ერთად - Sputnik საქართველო
ირინა ახვლედიანი ვაჟიშვილთან ერთად

– ქალბატონო ირინა, მთელი თქვენი ცხოვრება საქართველოშიც და უცხოეთშიც მუსიკასთანაა დაკავშირებული…

— ასეა, მუსიკა ბავშვობიდან მოყოლებული მართლა ჩემი ცხოვრებაა. თბილისის კონსერვატორიის კათედრაზე ექვსი წელი ვიმუშავე. რეალურად ჩემი ემიგრანტობის მიზეზი ოჯახის შექმნა, ხოლო ჩემი მეუღლისთვის გია დუდაურისთვის ამსტერდამის რუსულ რესტორანში შეფ-მზარეულის პოზიციაზე სამუშაოს შეთავაზება გახდა. მანამდე გია პეტერბურგში მუშაობდა. მომავალმა მეუღლემ ჩემზე გაცნობისთანავე ისეთი კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მის გამო ყველასა და ყველაფერს დავემშვიდობე. ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო, მაგრამ იმდენად შემიყვარდა ეს ადამიანი, რომ გადავწყვიტე უცხო ქვეყანაში მასთან ჩამოვსულიყავი.

© Photo: courtesy of Irina Akhvledianiირინა ახვლედიანი მეუღლესთან ერთად
ირინა ახვლედიანი მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
ირინა ახვლედიანი მეუღლესთან ერთად

– მუსიკასთან თქვენი „რომანი“ ჰოლანდიაშიც გაგრძელდა?

— ასე გამოდის, აქ 2009 წელს ჩამოვედი და 2010 წლიდან ამსტერდამის მუსიკალურ სკოლაში ვმუშაობ. მოსწავლეებთან მაქსიმალურს ვაკეთებ, რომ მათი მუსიკალური დონე და განათლება უფრო მაღალი იყოს. ვარ გუნდის კონცერტმაისტერი და ხშირად ვმართავთ  კონცერტებს, სადაც სოლო ნომრებსაც ვასრულებ. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ჰოლანდიაში ბევრი კარგი ქართველი გავიცანი. ერთი მათგანი არაჩვეულებრივი ქართველი თიკა სვანიძეა, რომლის ბავშვების პედაგოგიც ვარ. საქართველოსთან დაკავშირებით სამომავლო გეგმები გვაქვს და, იმედია, ასრულდება. თუმცა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის რვა წლის ნანატრი შვილი ნიკოლოზია.

© Photo: courtesy of Irina Akhvledianiამსტერდამის ქართული კულტურის ცენტრში: ირინა ახლედიანი და ცენტრის ხელმძღვანელი, თიკა სვანიძე ოჯახთან ერთად
ამსტერდამის ქართული კულტურის ცენტრში: ირინა ახლედიანი და ცენტრის ხელმძღვანელი, თიკა სვანიძე ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
ამსტერდამის ქართული კულტურის ცენტრში: ირინა ახლედიანი და ცენტრის ხელმძღვანელი, თიკა სვანიძე ოჯახთან ერთად

– სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ამსტერდამის ვაგზალზე დადგმულ როიალზე ქართულ მელოდიებს უკრავთ…

— სხვათა შორის, როიალი ჰოლანდიის თითქმის ყველა სადგურში დგას და მასზე ვისაც უნდა, ვინც იცის თუ არ იცის დაკვრა, ყველა უკრავს. ჩვენი ამბავი ასეთია: 25 დეკემბერს, შობა დღეს ჩემ მეუღლეს ვუთხარი, წავიდეთ ამსტერდამის ვაგზალზე და როიალზე აქაურ საშობაო ნაწარმოებებს დავუკრავ–მეთქი. ეს ვიდეოც არსებობს, სადაც "წყნარ ღამეს", ანუ აქ ცნობილ საშობაო სიმღერას ვასრულებ. ჩემ გარშემო ხალხი მოგროვდა, მათ ტაში დამიკრეს, „ბრავოც“ დაიძახეს და ისეთი სახეებით მიყურებდნენ, რომ აშკარად გაგრძელებას ელოდნენ. გიას გადავულაპარაკე, ისე როგორ წავიდეთ აქედან, რომ რამე ქართული არ დავუკრა–მეთქი. ჰოდა, დავუკარი ექსპრომტად. ამ ვიდეოს გავრცელება არც მიფიქრია. ის მხოლოდ ჩემი ოჯახისა და მეგობრებისთვის მქონდა ჩაფიქრებული. მერე მისი ნახვების რიცხვი ისე გაიზარდა, რომ შევწუხდი – ნეტავ, უკეთესად შემესრულებინა–მეთქი. ვიდეოს სრულიად უცხო ადამიანებისგან ბევრი გაზიარება და საოცრად თბილი კომენტარები მოჰყვა.

– ამ ჩანაწერს ამსტერდამის ვაგზალზე გაკეთებული სხვა ვიდეოებიც მოჰყვა…

— დიახ, იქ მეორე წელსაც წავედით და მაშინ კი ავისრულე სურვილი და რევაზ ლაღიძის „ჰიმნი ქუთაისს" დავუკარი. მაშინ გიამ ხმამაღლა მკითხა, დავიჯერო, ერთი ქართველი მაინც არ ჩამოივლისო… თურმე, ჩვენ წინ ქართველი ბიჭი იდგა. მან ჯერ უბრალოდ ისმინა, მერე ვეღარ მოითმინა და გამარჯობა, ქართველოო — ჩაილაპარაკა. ძალიან ემოციური სცენა იყო. მახსოვს, როიალის ერთი კლავიში არ მუშაობდა და აქეთ-იქით დავხტოდი, რომ ეს შესამჩნევი არ გამხდარიყო. იმედია, ამ მასალის მერე ხალხი სადგურის მუსიკოსად არ მომნათლავს, ბოლოს და ბოლოს, ქალი თბილისის კონსერვატორიაში ვმუშაობდი…

© Photo: courtesy of Irina Akhvledianiჰოლანდიურ ნაციონალურ სამოსში
ჰოლანდიურ ნაციონალურ სამოსში - Sputnik საქართველო
ჰოლანდიურ ნაციონალურ სამოსში

– ქალბატონო ირინე, ვფიქრობ, თქვენი მეუღლის წყალობით ჰოლანდიაში ქართული კერძები არ მოგენატრებათ…

— დიახ, გია, როგორც გითხარით, შეფ-მზარეულია და ამსტერდამის რესტორანში მუშაობს. მას მართლა შეუძლია დაიკვეხნოს გემრიელი ქართული კერძებისა და ხაჭაპურის გაკეთებით. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მეც შემიძლია. ასე რომ, ჰოლანდიაში ჩამოსვლის წუთიდან თავს უცხოდ არ ვგრძნობ. პირიქით, სულ მქონდა იმის შეგრძნება, რომ ოდესღაც აქ ვცხოვრობდი. ამაში გიაც ძალიან დამეხმარა. მყავს არაჩვეულებრივი მშობლები და და-ძმა ოჯახებით, რომლებიც ქუთაისში ცხოვრობენ და ვართ ასე, მუდმივ მონატრებაში და ყოველდღე სკაიპზე ლაპარაკში. ჰოლანდიაში ძალიან კარგია, მაგრამ აქ სამუდამოდ დარჩენას არ ვაპირებთ. სამომავლოდ იდეაში გვაქვს მუსიკალური სტუდია და პატარა ქართული კაფე გავხსნათ. ჩვენი ნატვრა საქართველოში მშვიდი და ბედნიერი ცხოვრებაა…

ყველა ახალი ამბავი
0