თბილისი, 27 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „საქართველოს ბანკზე" ყაჩაღურად თავდასხმის ბრალდებით 54 წლის მამაკაცი რუსთავში გუშინ, გვიან ღამით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მეგობრობის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალს გადაჭრილი ორლულიანი თოფით დაესხა, იგი ბანკიდან ფულის გატაცებას აპირებდა.
როგორც „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე განაიარაღეს და დააკავეს.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო გადაჭრილი ორლულიანი თოფი, ნიღაბი და ხელთათმანები.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით („ყაჩაღობა“), რომელიც ითვალისწინებს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.