საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვა 50-ჯერ შეიძლება გაიზარდოს

© Ministry of economy and sustainable development of Georgiaისრაელისა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრები ელი კოენი და დიმიტრი ქუმსიშვილი
ისრაელისა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრები ელი კოენი და დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ისრაელში ქვეყნის ბიზნეს-გარემოზე, ეკონომიკურ ტენდენციებსა და პოტენციალზე ისაუბრა

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველო და ისრაელი ხუთი წლის განმავლობაში საქონელბრუნვის ერთ მილიარდამდე გაზრდის შესახებ შეთანხმდნენ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრ ელი კოენთან შეხვედრის შემდეგ.

ქართული დელეგაცია ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით ისრაელს სამუშაო ვიზიტით ორშაბათს ესტუმრა. საქართველოს და ისრაელის ეკონომიკის მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ძირითადი მიმართულებები.

„ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრთან. ჩვენ შევთანხმდით მრავალი მიმართულებით ჩვენი ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდაზე. დღეს ძალიან პატარაა ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა. ჩვენ შევთხნახმდით, რომ ხუთი წლის განმავლობაში აღნიშნულმა სავაჭრო ბრუნვამ ერთ მილიარდ დოლარს მიაღწიოს“, — აღნიშნა ქუმსიშვილმა.

საფეხმავლო ხიდი ანაკლიაში - Sputnik საქართველო
ანაკლიაში შესაძლოა ისრაელის საწარმოები გაჩნდეს

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე. აღინიშნა, რომ ისრაელი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელსაც საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები განახორციელა. ამჟამად ქვეყანაში 271 ისრაელური კომპანია მოქმედებს, რომელთა ჯამური ინვესტიციაც 124 მლნ აშშ დოლარია. 

ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა, მაღალი ტექნოლოგიები, სტარტაპების მხარდაჭერა, ტურიზმი და სხვ.

ოფიციალური სტატისტიკით, ისრაელი 2017 წელს მე-7 ადგილს იკავებს საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობით, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით მეტია.

შეხვედრაზე ქუმსიშვილმა ისრაელელი კოლეგა საქართველოში მიიწვია. სავარაუდოდ, კოენი 10 მაისს ჩამოვა, როდესაც ერთობლივი ქართულ-ისრაელური ქარხნის გახსნაა დაგეგმილი.

ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის მრგვალი მაგიდის მუშაობაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიდი კომპანიების ხელმძღვანელები, ფინანსური, ინოვაციური ტექნოლოგიების, მობილური კომუნიკაციების, ტრანსპორტის, უძრავი ქონებისა და ბიზნესის სხვა სექტორების წარმომადგენლები.

მრგვალი მაგიდის მუშაობისას ქუმსიშვილი წარდგა მოხსენებით საქართველოს ეკონომიკური ტენდენციებისა და მიღწევების შესახებ, ასევე ქვეყნის ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის თაობაზე.

ალექსანდრ ლუკაშენკო და გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
ზრუნვა ბელარუსული აქცენტით, ანუ რაზე ისაუბრა ლუკაშენკომ თბილისში

ვიზიტის დროს ქუმსიშვილი ასევე შეხვედრას გამართავს ქალაქ იეჰუდაში კომპანია ELBIT-ის ხელმძღვანელ პირებთან, რომლის დროსაც საქართველოს შესახებ აღნიშნული კომპანიის ახალი პროექტის პრეზენტაცია მოეწყობა.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს დირექტორი გიორგი ზვიადაძე და საქართველოს საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორი დავით საგანელიძე.

საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა ფორმატში. 2018 წლის პირველ ორ თვეში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 5,5 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.


ყველა ახალი ამბავი
0