თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ლეგენდარული როკ-ჯგუფის Led Zeppelin სოლისტი, ცნობილი მუსიკოსი რობერტ პლანტი Black See Arena-ს სცენაზე შეკვეთილში კონცერტს 19 ივლისს გამართავს.
პლანტის კონცერტი ყოველწლიური საერთაშორისო Black Sea Jazz Festival-ის ფარგლებში გაიმართება, რომლის სტუმრები სხვადასხვა წლებში იყვნენ მსოფლიო დონის ისეთი ვარსკვლავები, როგორიც არიან Jamiroquai, Prodigy, Snoop Dog და სხვა.
Led Zeppelin ბრიტანული როკ-ჯგუფია, რომელიც 1968 წელს ლონდონში დაარსდა. ის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, ნოვატორულ და გავლენიან ჯგუფად არის აღიარებული.
ჯგუფი 1980 წელს ჯონ ბონემის გარდაცვალების შემდეგ დაიშალა. ამის შემდეგ ჯგუფის წევრებმა სოლო მოღვაწეობა გააგრძელეს.
Black Sea Jazz Festival-ის ორგანიზატორები არიან „თიბისი ბანკი“ და კომპანია Eastern Promotions. ღონისძიება სამთავრობო პროექტის Check in Georgia ფარგლებში ტარდება.
ფესტივალის დეტალური პროგრამა მალე გახდება ცნობილი.
სამთავრობო მასშტაბური პროექტის Check in Georgia ბიუჯეტი 2018 წელს 20 მილიონი ლარი იქნება.