თბილისი, 25 მარტი — Sputnik. რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე პრობლემები შექმნა, რის გამოც შეზღუდვებია დაწესებული, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპერტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მცხეთა– სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური ნალექის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
„ამავე გზის 134-135-ე კმ. (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება“, — ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ინტენსიური ქვის ცვენის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვებია დაწესებული ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზეც. კერძოდ, აღნიშნული გზის 96-ე კმ-ზე (ლაჯურღულა) და 116-ე კმ-ზე (შავი ღელე) მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
შეზღუდვები შაბათს, გვიან საღამოს ამოქმედდა.