თბილისი, 25 მარტი — Sputnik. გერმანიის პოლიციამ კატალონიის ჟენერალიტეტის ყოფილი თავმჯდომარე კარლეს პუჩდემონი დანიის საზღვართან ახლოს დააკავა, დაკავებულის ადვოკატზე დაყრდნობით იუწყება РИА Новости.
„თავმჯდომარე კარლეს პუჩდემონი გერმანიაში მაშინ დააკავეს, როდესაც ის დანიის საზღვარს კვეთდა და ფინეთიდან ბელგიაში მოემგზავრებოდა“, — დაწერა ადვოკატმა ჟაუმე ალონსო-კუევილიასმა Twitter-ის საკუთარ მიკრობლოგში.
პუჩდემონი ამჟამად კომისარიატში იმყოფება. ადვოკატმა აღნიშნა, რომ გერმანული პოლიცია პუჩდემონს „კორექტულად“ ეპყრობა.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ პუჩდემონი მიემგზავრებოდა ბელგიაში, რათა, „როგორც ყოველთვის, ბელგიის მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს“.
პარასკევს ესპანეთის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ პაბლო ლიარენამ გასცა ევროპული ორდერი შემდეგი პირების დასაკავებლად: ბელგიაში მცხოვრები პუჩდემონის, ჟენერალიტეტის ყოფილი მრჩევლების — ტონი კომინის, მერიჩელ სერეტის, ლუის პუჩის, დიდ ბრიტანეთში მყოფი კატალონიის მთავრობის განათლების ყოფილი მრჩევლის, კლარა პონსატის, და „კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკელების“ გენერალური მდივნის, მარტა როვირასი, რომელიც სასამართლოში არ გამოცხადდა, და, ესპანური მედიის მონაცემებით, შვეიცარიაში გაემგზავრა.
ორდერის გაცემის მომენტისთვის პუჩდემონი ფინეთში იმყოფებოდა. ფინეთის პოლიციამ დაადასტურა, რომ მიიღო ესპანეთის მოთხოვნა პუჩდემონის დასაკავებლად და მადრიდთან დამატებითი ინფორმაციის გაცვლის პროცესი დაიწყო.