თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, პაპუნა უგრხელიძეს სახალხო დამცველის ოფისმა თანამშრომლის სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია დაუდგინა, იუწყება ტელეკომპანია „იმედდი“ (Imedi).
ომბუდსმენის ოფისის დასკვნა 2017 წლის გაზაფხულზე მომზადდა, თუმცა იგი გასაჯაროებული არ არის, რის გამოც სახალხო დამცველის ოფისი საქმის ფიგურანტებს არ ასახელებს.
როგორც ომბუდსმენის სამსახურში აცხადებენ, დოკუმენტი ნამდვილად არსებობს და მის თანახმად დადგინდა მოქალაქის სექსუალური შევიწროების ფაქტი სქესის ნიშნით.
სახალხო დამცველის ოფისში განმარტავენ, რომ მათ მიმართეს უგრეხელიძეს პრევენციის ზომების რეკომენდაციით, კერძოდ მომავალში მსგავსი შემთხვევების გამორიცხვისა და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის შიდა დოკუმენტის მომზადების რჩევით, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.
ახალგაზრდა ქალბატონი, რომლელიც უგრეხელიძეს შევიწროებაში ადანაშაულებს, ამ ეტაპზე ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს. მისი განცხადებით, მან არაერთ ზომას მიმართა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად დღეს პაპუნა უგრეხელიძე ისევ თანამდებობაზეა, ხოლო იმის გამო, რომ მან თავისი უფლებების დაცვა სცადა, მასზე ზეწოლა ხორციელდება.
„პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის სახალხო დამცველის დასკვნა, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ მე არ მეხებოდა. არა თუ ბოდიშიც არ მოუხდია არავის, პირიქით ჩემზე ზეწოლა გაგრძელდა. მე იძულებული გავხდი 2016 წელს დამეტოვებინა საჯარო რეესტრი, სადაც მრავალი წელი ვიმუშავე. მაგრამ ის მემუქრებოდა, რომ ახალ სამსახურშიც შემიქმნიდა პრობლემებს", — ამბობს სავარაუდო დაზარალებული.
ქალბატონის განცხადებით, სამსახურში უგრეხელიძე არა მარტო ქალებს, არამედ მამაკაცებსაც ავიწროებდა და მუდმივ სტრესში ამყოფებდა.
დაზარალებული ამბობს, რომ 2017 წელს ომბუდსმენის დასკვნის მომზადების შემდეგ მან დოკუმენტი იუსტიციის მინისტრსაც გაუგზავნა, თუმცა ამ ნაბიჯსაც რეაგირება არ მოჰყოლია.
აღნიშნულ ფატთან დაკავშირებით ჯერჯერობით იუსტიციის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება პაპუნა უგრეხელიძეს, იგი დღესდღეობით სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.
პაპუნა უგრეხელიძე 2013 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. ამავე წლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეა.