თბილისი, 24 მარტი — Sputnik. განთქმული ქართული ბრენდის „ლაღიძის წყლების“ დამაარსებლის, მიტროფანე ლაღიძის შთამომავლებს იმედი აქვთ, რომ დაუბრუნებენ ოჯახს თბილისის ცენტრში მდებარე შენობას, რომელშიც ადრე ცნობილი სახაჭაპურე იყო განთავსებული, იუწყება გაზეთი „ახალი თაობა“, მეწარმის შვილთაშვილ თინათინ ლაღიძეზე დაყრდნობით.
შენობა, რომელიც მიტროფანე ლაღიძეს ეკუთვნოდა, საბჭოთა ხელისუფლებამ 1926 წელს ჩამოართვა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ ის სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა. 2007 წელს ეკონომიკის სამინისტრომ ის კომპანია „ლინკოლნ მენეჯმენტ ჯორჯიას“ მიჰყიდა. რეესტრის მონაცემების თანახმად, 2007 წელს დარეგისტრირებული კომპანიის დირექტორი უკრაინის მოქალაქე ევგენი უსტინოვია.
დღეისათვის კომპანია ცნობილი კაფეს ორივე სართულს აქირავებს. პირველი სართულის 130 კვადრატულ მეტრზე კომპანია Next-ის ტანსაცმლის მაღაზია მდებარეობს.
„ჩემი ოჯახის წევრები შეხვდნენ დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებს. ვიცი, რომ მერიის მხრიდან შეხვედრები იყო ახლანდელ მფლობელებთანაც… თუკი პროცესი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება და ობიექტი წარმატებით დაგვიბრუნდება, კონკრეტული გეგმა არ გვაქვს, რას გავაკეთებთ. თუმცა ყველაფერი თავიდან იქნება მოსაფიქრებელ-გადასაწყვეტი. საბოლოოდ, ეს იქნება სასიამოვნო ადგილი მოქალაქეების და ტურისტებისთვის, რაზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა“, — განაცხადა თინათინ ლაღიძემ.
მანამდე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერს, კახა კალაძეს რუსთაველის № 24-ში მდებარე ისტორიული ადგილის აღდგენა შესთავაზა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ლაღიძის წყლების“ სახაჭაპიროს გამოსყიდვა და ამ ადგილის განახლება ბიზნესის უფლებების სრული დაცვით უნდა მოხდეს.
კალაძის დაპირების თანახმად, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თბილისელებს ისტორიული ღირსშესანიშნაობა დაუბრუნდეს. შენობა, რომელშიც სახაჭაპურე მდებარეობდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული.
„ლაღიძის წყლების" ისტორია მე-19 საუკუნის ბოლოს იღებს სათავეს. მეწარმე მიტროფანე ლაღიძემ დაიწყო გამაგრილებელი სასმელების გამოშვება, რომლებსაც ამზადებდა არა უცხოეთიდან შემოტანილ ესენციებზე, არამედ ნატურალურ ხილზე და მცენარეებზე.
სახაჭაპურე და „ლაღიძის წყლები" უსაყვარლესი ადგილი იყო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ის რუსთაველის 24 ნომერში მდებარეობდა. 2007 წელს შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული, გაიყიდა. ამის მერე ის კიდევ რამდენჯერმე გაიყიდა და ბოლოს ბანკის მფლობელობაში აღმოჩნდა.