თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის ახალ მერს კახა კალაძეს რუსთაველის გამზირზე ისტორიული სახაჭაპურისა და „ლაღიძის წყლების" აღდგენა შესთავაზა.
კვირიკაშვილმა ამის შესახებ რუსთაველზე ახალი სავაჭრო ცენტრის „გალერიას" გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
„ეს არის ძალიან ბევრი თბილისელის სურვილი და, რა თქმა უნდა, არა ამ მასშტაბით, მაგრამ ისიც შეიძლება გახდეს მიმზიდველი ტურისტებისთვის. იმ ადამიანებისთვის კი, ვისაც ახსოვს ეს ადგილი და განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს „ლაღიძის წყლებთან", ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", — განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა ამ ადგილის გამოსყიდვა და განახლება ბიზნესის უფლებების სრული დაცვით.
„მე ასევე ვიღებ ბატონი პრემიერის თხოვნას „ლაღიძის წყლებთან“ დაკავშირებით. მართლაც, ჩვენ უნდა შევძლოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ღირსშესანიშნაობა დავუბრუნოთ ჩვენს დედაქალაქს, ჩვენს თბილისს და ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის", — განაცხადა კალაძემ სავაჭრო ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ლაღიძის წყლების" ისტორია მე-19 საუკუნის ბოლოს იღებს სათავეს. მეწარმე მიტროფანე ლაღიძემ დაიწყო გამაგრილებელი სასმელების გამოშვება, რომლებსაც ამზადებდა არა უცხოეთიდან შემოტანილ ესენციებზე, არამედ ნატურალურ ხილზე და მცენარეებზე.
სახაჭაპურე და „ლაღიძის წყლები" უსაყვარლესი ადგილი იყო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ის რუსთაველის 24 ნომერში მდებარეობდა. 2007 წელს შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული, გაიყიდა. ამის მერე ის კიდევ რამდენჯერმე გაიყიდა და ბოლოს ბანკის მფლობელობაში აღმოჩნდა.