თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობის შედეგად ქალაქ მადრიდში ოთხი ქართველი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულია ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი, რომელთაგან ორი წარსულში ნასამართლევია. ბოროტმოქმედები ქალაქ მადრიდსა და მის შემოგარენში სახლებს ქურდავდნენ.
სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას დიდი რაოდენობით ნაქურდალი ნივთები, სამკაულები, ძვირფასეულობა და 9 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
კრიმინალური დაჯგუფების შესახებ ინფორმაცია ესპანელ კოლეგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
დაკავებულებს ბრალი წარედგინათ ესპანეთის სამეფოს სისხლის სამართლის კოდექსის 515-ე, 234-ე, 563-ე და 390-ე მუხლებით, რაც კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას, ქურდობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაულები ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.