თბილისში მშენებლობის წესების დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობა გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliმშენებლობა თბილისში
მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერმა მშენებლობის წესების დარღვევისთვის სანქციების გამკაცრება მშენებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით ახსნა.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ამოქმედდა ცვლილებები „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“, რომლის თანახმად, თბილისის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს წესების დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობა ზოგიერთ შემთხვევაში ათჯერ გაიზარდა.

საქართველოში დიდი ხანია მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრობლემა მწვავედ დგას. ბოლო დროს მშენებლობებზე გახშირდა უბედური შემთხვევები, ხოლო ახალი აშენებული შენობების ნაწილი უკვე ავარიულ მდგომარეობაშია.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ ცვლილებებით მივაღწევთ იმას, რომ მშენებლობებზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ჯარიმები ფაქტობრივად გაათმაგდა… ეს ყველაფერი გაკეთდა არა იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი კომპანია დავაჯარიმოთ, არამედ იმისთვის, რომ იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", — განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
ვისთვის ყიდულობს თბილისის მერია ჰიბრიდულ მანქანებს

მან ასევე დააანონსა სიახლე მუშების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში.

„ამ სფეროში მომდევნო თვეების განმავლობაში ძალიან ბევრ საინტერესო ცვლილებას ვგეგმავთ", — აღნიშნა კალაძემ.

მშენებლობის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა 3 ათასი ლარიდან 30 ათასამდე გაიზარდა.

თუ უკანონო მშენებლობა გაგრძელდება სამუშაოების შეჩერების დადგენილების მიუხედავად, პასუხისმგებელი პირი, 5 ათასის ნაცვლად, 50 ათასი ლარით დაჯარიმდება.

იმ შემთხვევაში, თუ უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ ტერიტორიაზე, ჯარიმის ოდენობა 25 ათასი ლარი იქნება, ხოლო კერძო მფლობელობის შემთხვევაში — 20 ათასი ლარი. კანონის აღსრულებას თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური განახორციელებს.

ამას გარდა, 20 ათასი ლარით დაისჯება კერძო ტერიტორიაზე ხუთ სართულამდე საცხოვრებელი შენობების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის უნებართვოდ დაწყება; აგრეთვე მცირე საზოგადოებრივი შენობების, სამრეწველო საწარმოების დამხმარე ნაგებობებისა და დროებითი შენობების (კლასიფიკაციით III და IV კლასი) მშენებლობისა და რეკონსტრუქციის უნებართვოდ დაწყება.

ასევე იზრდება ჯარიმა პროექტის დარღვევით მშენებლობის შემთხვევაში, კერძოდ, III და IV კლასის ობიექტებზე — 15-დან 20 ათას ლარამდე.

ყველა ახალი ამბავი
0