თბილისი, 23 მარტი — Sputnik. რიგით მეცხრე ახალი ღვინის ფესტივალი მთაწმინდის პარკში 12 მაისს გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისის მერია და ღვინის ეროვნული სააგენტო. ტრადიციულად ღონისძიებას ქართული „ღვინის კლუბი“ ატარებს.
„ახალი ღვინის ფესტივალი წლების მანძილზე უკვე ნამდვილ სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა“, — ნათქვამია ორგანოზატორთა განცხადებაში.
ახალი ღვინის ფესტივალი 2010 წლიდან იმართება. ყოველ წელს ღონისძიებაში სულ უფრო მეტი საოჯახო მარანი და ღვინის კომპანია ერთვება. 2017 წელს ფესტივალში მონაწილეობდა 200-ზე მეტი მონაწილე — მცირე, საშუალო და მსხვილი მეღვინეობები, ასოციაციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები.
„ახალი ღვინის ფესტივალს, ღვინის მწარმოებლების გარდა, მოუთმენლად ელიან ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ახალი ღვინის ფესტივალის თარიღი (მაისის მეორე შაბათი) და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად“, — აღნიშნავენ ორგანიზატორები.
მეცხრე ფესტივალი ტრადიციულად ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყება. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ღონისძიების სტუმრებს საქართველოს ყველა კუთხის 2017 წლის მოსავლის ღვინის დაგემოვნება შეუძლიათ.
გარდა ამისა, დამთვალიერებლებს ელოდება მუსიკა, გასართობი პროგრამა, ღვინის კასრების გათამაშება და სხვ. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.