თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ადამიანებზე თავდასხმა, ვინც არ უნდა იყოს ის, მიუღებელია, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია Rustavi2-ზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას.
19 მარტს ტელეკომპანია Rustavi2-ის შენობასთან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის" აქტივისტები შეიკრიბნენ და გადაცემა P.S.-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას ერთ-ერთი სიუჟეტის სიტყვები გააპროტესტეს, რომელიც აჭარიდან და გურიიდან ექს-მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანის თემას ეხებოდა. გაბუნიას თქმით, „იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა". ჟურნალისტის სიტყვებით, ის უნდა მოსულიყო 2-3 წელიწადში აჭარაში, სადაც „ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი".
ტელეკომპანიის შენობასთან „ქართული მარშის" წევრებმა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიასა და ტელეკომპანიის იურისტ თამთა მურადაშვილს თავისუფლება ნახევარი საათის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთეს. ისინი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ.
„ადამიანებზე, ვინც არ უნდა იყოს ის, თავდასხმა არის მიუღებელი. ასეთ თავდასხმები, შეტევები თუ ღია აგრესია ჩვენი კანონით არის დასჯადი. შესაბამისი ორგანოები მუშაობენ, რომ არავინ არ დარჩეს უპასუხოდ და არავინ არ დარჩეს დაუსჯელი, რადგან ვქმნით ისეთ საზოგადოებას, სადაც ყველას უნდა გვეცხოვრებოდეს მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში", — განაცხადა წულუკიანმა.
ტელეკომპანია Rustavi2-ის განცხადებით, თავდასხმა მოხდა „კურიერის" ჟურნალისტ დავით ერაძეზეც. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
სამართალდამცველებმა „ქართული მარშის" 6 წევრი დააკავეს.
მოგვიანებით, ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ არხის სახელით ბოდიში მოუხადა ყველა იმ მორწმუნეს, რომლის რელიგიური გრძნობებიც შეილახა გადაცემაში და, ტელეკომპანიის ეთიკის საბჭო გადაწყვეტილებით, გიორგი გაბუნიას საყვედური გამოუცხადა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომობილი, რაზეც გამოძიება დაიწყო სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ის 187-ე მუხლით.