თბილისი, 20 მარტი — Sputnik. თბილისში ყველაზე ხშირად ავტოავარიები კახეთის გზატკეცილზე, აღმაშენებლის ხეივანსა და წერეთლის გამზირზე ხდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
წლის დასაწყისიდან კახეთის გზატკეცილზე 21 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა (2017 წელს — 113 შემთხვევა), აღმაშენებლის ხეივანში — 14 (2017 წელს — 81), ხოლო წერეთლის გამზირზე — 12 (2017 – 72).
თბილისში ყველაზე საფრთხის შემცველი გზების ხუთეულში ასევე შედის ბარათაშვილის ქუჩა და მტკვრის მარჯვენა სანაპირო, სადაც მიმდინარე წელს ავტოავარიის 9-9 შემთხვევა დაფიქსირდა.
2018 წლის იანვრიდან თებერვლის პერიოდში თბილისში 440 ავტოავარია დაფიქსირდა, ხოლო 2017 წელს — 3 ათასი.
გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ გზებზე კონტროლი გააძლიერა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სასჯელი გაამკაცრა.
2017 წლის 1 ივლისიდან საქართველოში ე.წ. ქულების სისტემა ამოქმედდა — მძღოლის მართვის მოწმობაზე დაირიცხა 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში, თანდათან მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ.
ამ პერიოდში შემოიღეს „უკონტაქტო პატრულირება". „უჩინარი პოლიციელები" გზის პრობლემურ მონაკვეთებს აკონტროლებენ და ჩანაწერებს ახორციელებენ. ეს მანქანები აღჭურვილი იქნება სიჩქარის მზომი რადარით და ჯარიმების გამოწერას მძღოლთან კონტაქტის გარეშე შეძლებენ.
გარდა ამისა, 2017 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა მეშვეობით სამართალდარღვევების დაფიქსირება და ჯარიმის გამოწერა ოპერატორის დახმარების გარეშე ხდება. კამერები შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში ვიდეოანალიტიკური პროგრამების დახმარებით ავტომატურ რეჟიმში მუშაობენ.
კამერები საგზაო მოძრაობის დარღვევის ხუთ სახეობას აფიქსირებენ — შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, სიჩქარის გადაჭარბება, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება და მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.