საქართველოში მართვის მოწმობებს ვადა ეწურება – შსს მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnikტრანსპორტი
ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
1 აპრილიდან ავტომობილის მძღოლები, რომლებსაც მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილამდე აქვთ აღებული, ავტომობილის მართვას მანამდე ვერ შეძლებენ, ვიდრე მართვის მოწმობას არ შეცვლიან.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის 1 აპრილამდე შეუნარჩუნდებათ, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.

მართვის მოწმობების იურიდიული ძალის დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში მიიღეს. თავიდან დაგეგმილი იყო, რომ 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობა ძალას 2018 წლის 1 იანვრამდე დაკარგავდა. თუმცა, შსს-მ ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება იმ მძღოლების რაოდენობიდან გამომდინარე მიიღო, რომლებმაც ვერ მოასწრეს დოკუმენტის შეცვლა და, შესაძლო იყო, მართვის მოწმობის გარეშე დარჩენილიყვნენ.

საავტომობილო მოძრაობა თბილისში - Sputnik საქართველო
რომელი ქვეყნები და რა ვადაში მიანიჭებენ ქართულ მართვის მოწმობას საერთაშორისო ძალას

„მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულებაა 15 ლარი, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში — 35 ლარი", — ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, იმ მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2006 წლის 1 აპრილამდე, მაგრამ შეცვლილია 2006 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და არ არის საჭირო მათი გამოცვლა.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 1 აპრილამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.

მართვის მოწმობის შეცვლის მსურველებს არ მოუწევთ თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება, აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.

ავტომობილები თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველო და უკრაინა მზად არიან, ერთმანეთის მართვის მოწმობები აღიარონ

საქართველოში მართვის მოწმობის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება 2014 წელს მიიღეს, ხოლო 2017 წლის სექტემბრიდან შესაბამისი საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ბოლო თვის განმავლობაში მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ სააგენტო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

რაც შეეხება 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ დოკუმენტებს, A, B, BE, T, S, A" და B1 კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები ძალაში 2028 წლის 1 სექტემბრამდე იქნება.

ხოლო C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები ძალაში 2018 წლის 1 სექტემბრამდე იქნება.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილის მართვა ისჯება ჯარიმით 500 ლარის ოდენობით.

ყველა ახალი ამბავი
0