ნიკა გვარამია: ბოდიშს ვიხდით მორწმუნეების გრძნობების შელახვისთვის

© Photo: Courtesy of Nika Gvaramiaნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული მარშის“ ექვსი წევრი დაკავებულია.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. დღეს დილით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გააკეთა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან შეკრებილი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ქართული მარშის“ წევრები აპროტესტებდნენ კვირას „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ შესავალ სიტყვებს, რომელიც გაუკეთა გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს, და ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ.

ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ არხის სახელით მოუბოდიშა ყველა მორწმუნეს, რომლის რელიგიური გრძნობებიც შეილახა გადაცემაში.

„არხის სახელით მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებებით“, — განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ტელეკომპანია რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2": ტელეკომპანიის ოფისს თავს დაესხნენ

მისი თქმით, ტელეკომპანიის ეთიკის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოეცხადოს საყვედური.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს თავდასხმა მოხდა „კურიერის“ ჟურნალისტ დავით ერაძეზე. ის დაშავდა და სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში. „ქართული მარშის“ ექვსი წევრი დაკავებულია და შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დაკავებულთა ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

„ქართული მარშის“ წევრებმა აგრეთვე ალყაში მოაქციეს მანქანა, რომლითაც გიორგი გაბუნია და ტელეკომპანიის იურისტი თამთა მურადაშვილი გადაადგილდებოდნენ და უკანონოდ აღუკვეთეს მათ თავისუფლება. შეკრებილებმა დააზიანეს ავტომობილი, რომელშიც გაბუნია და მურადაშვილი იმყოფებოდნენ.

„ჩვენი შეფასებით, ადგილი ჰქონდა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, რაც წარმოადგენს მძიმე დანაშაულს და მოვითხოვთ ხელისუფლებისგან ამ დანაშაულში მონაწილე ცალკეული პირების და ასევე ორგანიზატორების მკაცრად, სისხლისსამართლებრივი წესით დასჯას“, — განაცხადა ბრიფინგზე გვარამიამ. 

მომხდარზე პასუხისმგებლობას ნიკა გვარამია ხელისუფლებას აკისრებს.

„საქართველოს ხელისუფლებას ვაფრთხილებ! არა მხოლოდ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, რომელიმე "რუსთავი 2"-ის თანამშრომელზე ნებისმიერ ზემოქმედებაზე, მათი ერთი თმის ღერის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას“, — განაცხადა გვარამიამ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება დაიწყო სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ის 187-ე მუხლით. ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით ამ დრომდე რჩებიან“, — ნათქვამია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0