თბილისი, 18 მარტი — Sputnik. პოლონეთში ქალაქ ოპოჩნო და კონსკეს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად დაიღუპა საქართველოს ორი მოქალაქე, კიდევ ხუთმა სხდასხვა სახის დაზიანებები მიიღო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე ადგილოობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფრომაციით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ინფორმაციის მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა საქართველოს კონსული პოლონეთის რესპუბლიკაში თეიმურაზ ფურცელაძე. მან მოინახულა დაშავებულები და შეხვედრა გამართა ადგილობრივ სამართალდამცავ სტრუქტურებში“, — ნათქვამია განცხადებაში.
წინასწარი ინფორმაციით, „ოპელის” მარკის ავტომობილი, რომელშიც საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა, გზაზე მოცურდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ავტობუსს დაეჯახა. აღნიშნულ ფაქტზე პოლონეთის სამართალდამცავმა უწყებებმა გამოძიება დაიწყეს.
„პოლონეთში საქართველოს საელჩომ მომხდარის შესახებ უკვე აცნობა დაშავებულებისა და დაღუპულების ოჯახის წევრებს და მუდმივ კავშირზეა მათთან. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება გარდაცვლილი თანამოქალაქეების გადმოსვენების პროცედურის დაწყება“, — ხაზგასმულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამსახურეობრივი მიზნით იმყოფებოდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.