თბილისი, 18 მარტი — Sputnik. თბილისი პირველად უმსაპინძლებს ფესტივალს „მეწარმეთა სივრცე — 2018“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალბედა მეწარმეთა პროფესიულ ზრდას, საქმიანი კონტაქტების გაღრმავებას და მათი ბიზნესის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას, ნათქვამია ღონიძიების ორგანიზატორთა Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
Tbilisi Mall-ის ერთ სივრცეში 22 მარტს თავს მოიყრიან დამწყები მეწარმეები მთელი ქვეყნის მასშტაბით. გარდა დამწყები მეწარმეებისა, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ USAID-ის მიერ დაფინანსებული ახალბედა ბიზნესმენები, მეწარმე ქალები, სტარტაპერები.
ღონისძიება „საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის“ (YES-Georgia) ორგანიზებით ტარდება. ორგანიზატორთა თქმით, ფესტივალი საშუალებას მისცემს დამწყებ მეწარმეებს, რომ საკუთარი პროდუქცია რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნონ.
არასამთავრობო ორგანიზაცია YES-Georgia 2011 წლის დეკემბერში ახალგაზრდა მეწარმეთა დახმარების მიზნით შეიქმნა. ორგანიზაცია ცდილობს აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში.