საქართველოში შეიძლება ძიძების რეესტრი გაჩნდეს

გამოწერა
ინიციატივის ავტორი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ბავშვთა უსაფრთხოების საკითხში უნდა ჩაერთოს.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოში შეიძლება ბავშვთა აღმზრდელთა სახელმწიფო რეესტრი შეიქმნას, შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტში უკვე შევიდა.

კანონპროექტის „აღმზრდელთა სახელმწიფო რეესტრის შექმნისა და წარმოების შესახებ" ავტორი და ინიციატორი საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძეა, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში მსგავსი ინსტიტუტი არ არსებობს და ის აუცილებელია. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ აუცილებელია ისეთი ინსტიტუტის შექმნა, რომელიც ადრეული ასაკიდან დაიცავს ბავშვების უსაფრთხოებას, საზოგადოებაში დიდი ნდობით ისარგებლებს და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

„რამდენიმე დღის წინ პარლამენტს კანონპროექტით მივმართე, რათა სახელმწიფომ შექმნას ძიძების (აღმზრდელების) რეესტრი. ეს იდეა იქიდან გამომდინარე გამიჩნდა, რომ თავად დედა ვარ და როდესაც ფაქტის წინაშე დავდექი, ძალზე რთული და მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა. რთულია, როდესაც ოჯახში შვილს სრულიად უცხო ადამიანთან ტოვებ, რომლის შესახებაც შეიძლება შენ ინფორმაცია საერთოდ არ გაქვს", — განაცხადა რობაქიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

თბილისის პარკი - Sputnik საქართველო
საქართველოში ძიძის მომსახურება გაძვირდა

ვფიქრობ, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ნაწილობრივ ეშინია, თუმცა, ბავშვი მშობლისა და სახელმწიფოსთვის ყველაზე მეტად ფასეულია, აღნიშნა მან.

საქართველოში ძიძების დასაქმების სააგენტოები არსებობს, რომლებიც, ფაქტობრივად, ევროპაში მოქმედი სააგენტოების მსგავსი არიან, აღნიშნულია განმარტებით ბარათში. სააგენტოები ძიძებს თავად არჩევენ და შესაბამის მოთხოვნებს უყენებენ, დასაქმებული ძიძები კი პირველი თვის ხელფასს სააგენტოს უხდიან. ევროპულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს სისტემა ბავშვთა უსაფრთხოებას საკმარისად ეფექტურად არ იცავს.

„საჭიროა, რომ სახელმწიფო უფრო მეტად ჩაერთოს ბავშვების უსაფრთხოების საკითხებში და თავად შექმნას აღმზრდელების მონაცემთა ბაზა", — აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად, მშობლები სურვილიდან გამომდინარე შეძლებენ ისარგებლონ აღმზრდელთა მომსახურებით, ხოლო სააგენტო ვალდებული იქნება გამოიყენოს სახელმწიფო ბაზის მონაცემები. რეესტრი ფასიანი უნდა იყოს.

ინიციატივის ავტორს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ჩართულობა უნდა გამოიხატებოდეს არა მარტო აღმზრდელთა პირადი მონაცემების ან ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმებაში, არამედ მისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
ბავშვის ცემისთვის ძიძას პირობითი სასჯელი შეუფარდეს

„მაგალითად, თუ ბავშვი საკვებით მოიწამლება, აღმზრდელმა უნდა იცოდეს, მას როგორ დაეხმაროს", — აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

სახელმწიფო რეესტრის შემოღებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უნდა დაკავდეს. შესაბამისად, მოცემული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, აღმზრდელად მუშაობის მსურველმა პირებმა აღნიშნულ უწყებას უნდა მიმართონ.

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა.

ყველა ახალი ამბავი
0