რომელი დაავადების სამკურნალოდ ხარჯავენ ქართველები ყველაზე მეტ ფულს საზღვარგარეთ

© Sputnik / Denis Aslanovთბილისის ცენტრალური საავადმყოფო
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით ნაკლები თანხა დახარჯეს.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა 2017 წელს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის 3 მლნ ლარზე მეტი დახარჯეს, ნათქვამია საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორიის (DataLab) ვებ-გვერდზე მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ შექმნილმა საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორიამ გამოაქვეყნა 2015–2017 წლების სტატისტიკა, სადაც ასახულია მონაცემები საზღვარგარეთ პაციენტების მკურნალობაზე გაწეული ხარჯების შესახებ მიზნობრიობის მიხედვით.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს (8 ნოემბრამდე) ყველაზე მეტი თანხა საზღვარგარეთ სამკურნალოდ დაიხარჯა ონკოლოგიაში — 976 257.88 ლარი, ტრავმატოლოგია–ორთოპედიაში — 450 989 ლარი, ონკოჰემატოლოგიაში — 379 805 ლარი, ნევროლოგიაში — 366 259 ლარი და ქირურგიაში — 275 940 ლარი.

საზღვარგარეთ ქართველები ასევე მიდიან ღვიძლის და თირკმლის პათოლოგიის, კარდიოქირურგიის, უროლოგიის, ოფთალმოლოგიის, ანგიოლოგიის პრობლემების მოსაგვარებლად.

გიორგი კვირიკაშვილი თოდუას კლინიკაში - Sputnik საქართველო
საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უახლესი აპარატურითაა შესაძლებელი

სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს საზღვარგარეთ სამკურნალოდ საქართველოს მოქალაქეებმა დაახლოებით 5 მლნ ლარი დახარჯეს, მათ შორის თითქმის 2 მლნ ლარი ონკოლოგიაში დაიხარჯა, 2016 წელს კი — 6 მლნ ლარზე მეტი, მათ შორის 2 მლნ ლარზე მეტი ონკოლოგიის დარგში.

მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნებული ინფორმაცია თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან მიიღო.

საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორიის (DataLab) პრეზენტაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2018 წლის 18 თებერვალს გამართა. ახალი ღია მონაცემების პლატფორმის მეშვეობით მომხმარებელს ონლაინ–რეჟიმში შეუძლია გაეცნოს და გამოიყენოს საჯარო ინფორმაციის ღია მონაცემთა ბაზები საჯარო პოლიტიკისა და ფინანსების საკითხებზე 150-ზე მეტი ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო დაწესებულებიდან.

ყველა ახალი ამბავი
0