ეთნიკური უმცირესობები სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების გავლას შეძლებენ

გამოწერა
ყველა დაინტერესებულმა პირმა განაცხადი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში უნდა გაგზავნოს.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდა წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ სტაჟირება სახელმწიფო უწყებებში გაიარონ, იუწყება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ამისთვის დაინტერესებულმა პირებმა 31 მარტამდე განაცხადი უნდა შეავსონ სახელმწიფო აპარატის ვებ-გვერდზე.

სპეციალური კომისია შეარჩევს ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირებას ერთიდან ექვს თვემდე ვადით გაივლიან. განცხადებების მიღება წელიწადში ორჯერ ხორციელდება.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
ეთნიკური უმცირესობების ფორუმი საქართველოს ორ რეგიონში ჩატარდება

„ჩვენ ეთნიკურ უმცირესობას ვაძლევთ შესაძლებლობას, განავითარონ უნარ-ჩვევები, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და, რაც მთავარია, პირველი ნაბიჯი გადადგან დასაქმებისკენ, რათა ისინი ჩართული იყვნენ ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და ამასთან იყვნენ წარმატებული პროფესიულ კარიერაში", — განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრმა განახლებული პროგრამა წარმოადგინა იმ პირებისთვის, რომლებმაც სტაჟირება გაიარეს ან გადიან „საგანმანათლებლო პროგრამით 1+4", რომელიც მთელი წლის განმავლობაში ქართული ენის სწავლებას ითვალისწინებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დაწყების წინ. გარდა ამისა, პროგრამის მონაწილეები ზოგად უნარებში გამოცდის ჩაბარებას აფხაზურ, ოსურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შეძლებენ, რათა საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში სასურველ ფაკულტეტზე ჩაბარება შეძლონ.

პროექტი სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ინიციატივით გასულ წელს დაიწყო და საპილოტე რეჟიმში განხორციელდა. ახალგაზრდებმა, რომლებმაც გამოიყენეს "საგანმანათლებლო პროგრამა 1+4", შეძლეს სახელმწიფო უწყებებში იმ მიმართულებებით სტაჟირების გავლა, რაც მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ.

პროექტის ფარგლებში 65-მა ახალგაზრდამ უკვე შეძლო 20 სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში სტაჟირების გავლა.

აღნიშნულ პროექტს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს გაეროს ასოციაციასთან და ეროვნული საჯარო სამსახურის ბიუროსთან ერთად ახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0