ფოტოზე აღბეჭდილი ემოცია და შინაგანი სამყარო – როცა სიტყვები ზედმეტია

© courtesy of Maria Gvedashviliმარია გვედაშვილის ფოტო "ტომბოი"
მარია გვედაშვილის ფოტო ტომბოი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოტოგრაფია ერთგვარი ხელოვნებაა, რომლის საშუალებითაც ადამიანს თავისი შინაგანი სამყაროს გადმოცემა შეუძლია. ხოლო მკვდარ ფოტოს სიცოცხლე მიანიჭო და ჩვეულებრივი ყოფითი სიტუაცია ხელოვნების ნიმუშად აქციო, ამას იშვიათები თუ ახერხებენ.

მარია ღვედაშვილი მხატვარია. ბავშვობიდან იტაცებდა ფოტოგრაფია. ყველაფერი კი მამის მიერ ნაჩუქარი „ზენიტით“ დაიწყო. მას შემდეგ მისი ცხოვრება მჭიდროდ დაუკავშირდა ფოტოგრაფიას. ხშირად გადის კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს და ესწრება ტრენინგებს. ამბობს, რომ ყველაზე მეტად მოსწონს ადამიანების გადაღება, რადგან სურს ამით მათი შინაგანი სამყარო და ხასიათი გადმოსცეს.

© FB / Maria Gvedashviliმარია გვედაშვილი
მარია გვედაშვილი - Sputnik საქართველო
მარია გვედაშვილი

— მახსოვს ჩემ ბავშვობაში მამაჩემი მოყვარულის დონეზე იყო დაკავებული ფოტოგრაფიით. ამჟღავნებდა და ბეჭდავდა ფოტოსურათებს, მე კი ყოველთვის მხიბლავდა ეს პროცესი. ყველაფერი კი დაიწყო მაშინ, როდესაც 15 წლის ასაკში მამაჩემისგან საჩუქრად მერგო მისივე ფოტოკამერა „ზენიტი".

 

– ფოტოგრაფია პროფესიულ დონეზე შეისწავლეთ თუ თვითნასწავლი ხართ?

—  სამხატვრო განათლება მაქვს მიღებული, დავამთავრე ფერწერის ფაკულტეტი. რაც შეეხება ფოტოგრაფიას, ხშირად გავდივარ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს და ვესწრები ტრენინგებს. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ყველაზე მეტად მომწონს ადამიანების გადაღება. მსურს გადმოვცე მათი შინაგანი სამყარო და ხასიათი. ამ ყველაფერს შთამაგონებენ ცნობილი მხატვრებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრები.

© Photo: Courtesy of Maria Gvedashviliმარია გვედაშვილის ფოტო "მეგობრები"
მარია გვედაშვილის ფოტო მეგობრები - Sputnik საქართველო
მარია გვედაშვილის ფოტო "მეგობრები"

– როგორც თქვენი ფოტოებიდან ჩანს, ძირითადად არაპროფესიონალ მოდელებთან გიწევთ მუშაობა. რთული არ არის?

— რა თქმა უნდა, პროფესიონალებთან მუშაობა ბევრად ადვილია, მაგრამ ყველაზე მეტად მიზიდავს გადმოვცე ცოცხალი ემოციები. უმეტეს შემთხვევაში ფოტოებს ვუღებ ბავშვებს, ოჯახებს, წყვილებს. გადაღების წინ ჩვენ განვიხილავთ გადაღების პროცესს, ვარჩევთ გამოსახულებებს და ვფიქრობთ ყოველ დეტალზე. ეს გვეხმარება დავამყაროთ პირველი კონტაქტი და შემდეგ უკვე გადაღებაზე ადამიანი მთლიანად გენდობა შენ. ფოტოსესიის დროს მე ყოველთვის ველაპარაკები ჩემ მოდელს და ვაძლევ მარტივ დავალებებს – როგორ მიიღოს პოზა, როგორ იმოძრაოს და როგორი ემოცია გამოხატოს.

© Photo: Courtesy of Maria Gvedashviliმარია გვედაშვილის ფოტო
მარია გვედაშვილის ფოტო - Sputnik საქართველო
მარია გვედაშვილის ფოტო

– გქონიათ შემთხვევა, როცა გადაღების დროს არაფერი გამოგსვლიათ?

— იყო სიტუაციები, როდესაც ოჯახი მოსულა გადაღებაზე, ხოლო ბავშვს არ მოსწონებია მთელი ეს სიტუაცია. ის ჭირვეულობდა და ტიროდა. საჭირო იყო მხოლოდ მომეკრიფა მოთმინება, დამეცადა და დამეყოლიებინა პატარა და ყველაფერი გამომდიოდა.

– ყველაზე შთამბეჭდავი და საოცარი გადაღება გაიხსენეთ, რომელმაც დიდი სიამოვნება მოგანიჭათ და ფოტოებიც შესაბამისი გამოვიდა…

— იყო ერთი შემთხვევა, როდესაც ჩემმა ძმამ მათხოვა ძალიან ძველი, ფირიანი კამერა 6X6 ფორმატის. მე გადავწყვიტე ჩემი გოგონასთვის გადამეღო, რადგან ჩემი შვილი ძალიან აქტიურია. კამერა მთლიანად იყო ხელით მართვაზე. მე მხოლოდ რამდენიმე წუთი მქონდა დრო. უცებ ვიპოვე ტანსაცმელი და ქუდი. დავსვი ჩემი გოგო ყვავილების სტენდზე, რომ არსად გაქცეულიყო და გადავიღე ორი კადრი. ეს იყო მხოლოდ ექსპერიმენტი, მაგრამ ეს ძალიან პოპულარული ფოტო გახდა ინტერნეტში, მოჰყვა ბევრი გამოხმაურება და ჟურნალშიც კი დაბეჭდეს.

© Photo: Courtesy of Maria Gvedashviliმარია გვედაშვილის ფოტო
მარია გვედაშვილის ფოტო - Sputnik საქართველო
მარია გვედაშვილის ფოტო

– ექსტრემალურ სიტუაციაში თუ გქონიათ ფოტოსესია?

— ერთხელ ყაზბეგში, სტეფანწმინდაში ვუღებდი წყვილს, რომელიც ხევის პირზე იჯდა. მე ძალიან მეშინია სიმაღლის, ამიტომ შეიძლება ეს გადაღება ჩაითვალოს ექსტრემალურად.

– როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ადამიანი კარგ ფოტოგრაფად, რა უნარებია ამისთვის საჭირო?

— ვფიქრობ, მთავარია დიდი მონდომება. უნდა აკვირდებოდე, როგორ აკეთებენ ამას პროფესიონალები და ბევრი ივარჯიშო. არ უნდა იჯდე ერთ ადგილზე,  უნდა აიღო აპარატი და გადაიღო ყოველდღე სხვადასხვა თემატიკის და სახის ფოტოები. და, რაც მთავარია, ეს პროფესია უნდა აირჩიო არა გასამრჯელოს გამო, არამედ გულის წადილის გამო, სიყვარულით.

© Photo: Courtesy of Maria Gvedashviliმარია გვედაშვილის ფოტო
მარია გვედაშვილის ფოტო - Sputnik საქართველო
მარია გვედაშვილის ფოტო

– კარგი ფოტოების გადასაღებად მთავარი ხარისხიანი აპარატია?

— ვერ გეტყვით, რომ წარმატებული და ხარისხიანი სურათის უმთავრესი შემადგენელი ნაწილი არის კამერა. ეს მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია. კამერის აწყობის, კომპოზიციის კანონების, შუქთან მუშაობის ცოდნის და პრაქტიკის გარეშე, არა მგონია, შეძლო გადაიღო პროფესიონალურად. მაგრამ თუ გაქვს ამ ცოდნის მარაგი და ოდნავ ნიჭი, შეძლებ, რომ ტელეფონითაც კი გადაიღო შედევრი.

– თქვენმა გამოცდილებამ რა გაჩვენათ, რა არის ფოტოგრაფიაში მთავარი?

— ამ კითხვაზე არ არსებობს პასუხი, როგორც არ არსებობს პასუხი კითხვებზე – რა არის მთავარი მუსიკაში, ფერწერაში, პოეზიაში. ვფიქრობ, რომ ეს მაგიაა. როდესაც უცებ გებადება აზრი და შთაგონება და ყველა ელემენტი ერთად ერთდება: სინათლე, ხასიათი, ყოველი დეტალი და  მონდომება.

მე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ფოტოგრაფიაში, არამედ ყველა დანარჩენ პროფესიაში ადამიანი უნდა განვითარდეს, აიმაღლოს კვალიფიკაცია და ინტერესდებოდეს ახალი ამბებით, და, რაც მთავარია, იყოს თვითკრიტიკული, ამავე დროს მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ.

© Photo: Courtesy of Maria Gvedashviliმარია გვედაშვილის ფოტო
მარია გვედაშვილის ფოტო - Sputnik საქართველო
მარია გვედაშვილის ფოტო

– რას ურჩევთ დამწყებ ფოტოგრაფებს?

— თუ თქვენ გაქვთ დიდი სურვილი, რომ დაკავდეთ ფოტოგრაფიით, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ, გირჩევთ შეისწავლოთ თქვენი კამერის აწყობა, გაერკვიოთ ექსპოზიციის პარამეტრებში, წაიკითხოთ წიგნი კომპოზიციებისა და ფერების შესახებ. შთაგონებისათვის უყუროთ ლამაზ ფილმებს და ბევრი კადრი გადაიღოთ… თავდაპირველად გადაიღეთ გარშემო ყველაფერი, რასაც ჩათვლით საინტერესოდ. დროთა განმავლობაში მიხვდებით, თუ რა მიმდინარეობა, ჟანრი არის თქვენთვის უფრო საინტერესო, და, რაც მთავარია, არ ჩაიქნიოთ ხელი. ყველაფერი გამოვა!

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

— ვოცნებობ ბევრი ვიმოგზაურო და მოგზაურობის დროს გადავიღო უამრავი საინტერესო ფოტო.

 

ყველა ახალი ამბავი
0