თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო კონტროლისგან მალულად მაჯის საათების გატანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავით საბაჟო–გამშვები პუნქტი „სარფის" გავლით საქართველოდან თურქეთში გადაჰქონდა 839 ცალი სხვადასხვა დასახელების მაჯის საათი.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 26 ათას ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით („საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად"), რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.