ლიზის განსხვავებული გარეგნობა აქვს და ხშირად იქცევს უცხოების ყურადღებას. მოდელობაზე ოცნებობდა, ამიტომ დედამ სამოდელო სააგენტოში მიიყვანა. ლიზი რამდენიმე დღის წინ ბავშვებს შორის კონკურსში „მის ზუგდიდი 2018" გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ის „Sputnik–საქართველოს“ ესაუბრა.
— აფხაზეთში ვცხოვრობ, პირველი კლასის მოსწავლე ვარ. ძალიან მიყვარს ცეკვა და მოდელობა.
– ხშირად გიწევს კამერებთან პოზირება? ეს შენთვის დამღლელი არ არის?
— დიახ, ხშირად მიწევს თბილისში ფოტოსესიებზე ჩასვლა. მყავს ჩემი საყვარელი ფოტოგრაფი ლაშა შალამბერიძე და დიზაინერი ნინო ხეიძე, რომელიც მიკერავს ლამაზ კაბებს.
– განსხვავებული გარეგნობა გაქვს. რას გეუბნებიან, ვის ჰგავხარ?
— მაქვს წითელი ხუჭუჭა თმები, ჭორფლიანი სახე. მგონი ჩემ თავს ვგავარ და სხვას არავის. სადმე რომ მივდივართ, ყველა მე მიყურებს, ჩემს თმებს კიდებენ ხელს ბევრი მეკითხება, ნამდვილად შენი თმებიაო?
– და ან ძმა თუ გყავს?
— კი, ერთი ძმა მყავს, საბა, ის ჩემზე დიდია, ზოგჯერ ვთამაშობთ, ზოგჯერ ვკინკლაობთ, მაგრამ ძალიან მიყვარს და მის გარეშე ვერ ვძლებ ხოლმე.
– პირველად სად გადაგიღეს, როგორ გაგიცნო ხალხმა?
— პირველად გამიცნო ფოტოგრაფმა ლაშა შალამბერიძემ, ძალიან მოვეწონე და მეორე დღეს ჩემ მშობლებს დაურეკა და უთხრა, ლიზის გადავუღებ ფოტოებსო.
– სწავლის გარდა რას საქმიანობ?
— ქართულ ცეკვაზე დავდივარ. ძალიან მინდოდა სამოდელო წრეზე შესვლა. ვთხოვე ჩემ მშობლებს და შემიყვანეს სამოდელო სტუდიაში Best Models Agency ზუგდიდში.
– სულ ახლახან მიიღე სილამაზის კონკურსში მონაწილეობა. მოგეწონა კონკურსი?
— სამოდელო სტუდიაში ახლახან შემიყვანეს, ყოველ შაბათ-კვირას დილაობით გალიდან დავდიოდი ზუგდიდში. ყოველ დილით მიწევდა საზღვარზე დგომა, მაგრამ მე მომწონს სიარული, კამერებთან დგომა, ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემ გარდა კონკურსში ძალიან ბევრი ბავშვი იღებდა მონაწილეობას, ბევრი მეგობარი გავიჩინე.
– როგორ ემზადებოდი კონკურსისთვის?
— პირველი ნომერი ვიყავი, მე ვხსნიდი კონკურსს. ცოტათი მეშინოდა. ჟიურის წევრები იყვნენ გია ჯაჯანიძე, თამარ მაყაშვილი, ლალო სანაძე და კიდევ სხვები. თამარი გამოვიდა სცენაზე და თქვა ჩემი ფავორიტი და რჩეული ლიზი საბულუააო და დიპლომი გადმომცა. ძალიან გამიხარდა.
– ელოდი გამარჯვებას?
— არა, არ ველოდებოდი. ძალიან ლამაზი ბავშვები იყვნენ კონკურსში.
– რომ გაიზრდები, რა გინდა გამოხვიდე?
— მინდა მსახიობობა. ყველა მეუბნება, ნამდვილად მსახიობად ხარ დაბადებულიო. ჩემით რაღაცებს ვიგონებ ხოლმე…
– რაზე ოცნებობ ცხოვრებაში?
— ვოცნებობ, რომ ვინმემ ფილმში გადამიღოს…