თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი მხატვრის ლევან სონღულაშვილის შემოქმედებას ბერლინში შეაფასებენ – მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გალერეა Kornfeld–ში 16 მარტს გაიხსნება.
ექსპოზიციაზე სახელწოდებით BLACK | SEA სონღულაშვილის ნახატებთან ერთად ბერლინის მცხოვრებლები და ქალაქის სტუმრები იხილავენ გერმანელი მხატვრის ქრისტიან ავეს (Christian Awe) ნამუშევრებს.
„ორი მხატვარი, ორი შენაკადი, ორი სამყარო. გამოფენა აერთიანებს ავეს ძლიერ, შთამაგონებელ, ფერად კომპოზიციებს და სონღულაშვილის შავ–თეთრ ფილოსოფიას“, – ნათქვამია გალერეა Kornfeld–ის ვებ-გვერდზე.
როგორც გამოფენის ანონსშია ნათქვამი, სონღულაშვილი საკუთარ ნამუშევრებში იკვლევს სტიქსის სივრცეს. ავტორს თემა ძველბერძნული მითოლოგიიდან აქვს აღებული: სტიქსი – ეს სიბნელისა და საშინელების პირველყოფილი განსახიერებაა, რომლიდანაც პირველი ცოცხალი არსებები წარმოიშვა და მითოლოგიური მდინარე სტიქსის პერსონიფიცირება.
ლევან სონღულაშვილი — 26 წლის თბილისელია. 2014 წელს ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში სამაგისტრო კურსის გავლის მიზნით თბილისიდან აშშ–ში საცხოვრებლად გადავიდა როგორც საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი.
სწავლის პერიოდში სონღულაშვილმა რამდენიმე პრესტიჟული პრემია და სტიპენდია მიიღო, რომელთა შორისაა პრემია Portrait Scholarship Award 2015 და ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის Tribeca Ball 2015-ის პრემია.
სონღულაშვილი პირველი ქართველი მხატვარია, ვისი ნამუშევრებიც 2017 წელს ბრუკლინის მუზეუმის მუდმივი ექსპოზიციისთვის შეირჩა. მისმა ნახატებმა დაიმკვიდრა ადგილი სახვითი ხელოვნების ისეთი დიდი ოსტატების ნამუშევრების გვერდით, როგორებიც არიან ანრი მატისი, პაბლო პიკასო და პოლ გოგენი.
2018 წლის იანვარში სონღულაშვილი ამერიკული პორტალის Artistaday 2017 წლის საუკეთესო ვიზუალური არტისტების რეიტინგს ჩუდგა სათავეში.