ქართველი მხატვრის ნამუშევრები პირველად მოხვდა Google-ის გალერეაში

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokovaალისა და ნინოს ქანდაკება
ალისა და ნინოს ქანდაკება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამარ კვესიტაძე პირველი თანამედროვე მხატვარია საქართველოდან, რომლის ნამუშევრები Google-მა ოფიციალურად წარადგინა თავის Google Arts & Culture-ზე.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. პოპულარული ონლაინ-პროგრამა Google Arts & Culture წარმოადგენს ცნობილი ქართველი მხატვრის, მოქანდაკისა და არქიტექტორის თამარ კვესიტაძის შემოქმედებას — ნიჭიერი ქართველი ქალის ნამუშევრების ნახვა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი.

Google Arts & Culture — ესაა 70 ქვეყნის 1200 მუზეუმის, გალერეისა და სხვა ორგანიზაციების ექსპონატების ონლაინ-დათვალიერების შესაძლებლობა. პროგრამის უნიკალურ შესაძლებლობებს შორისაა მასშტაბების გაზრდა უმცირეს დეტალებამდე, ექსპონატების მოძიება შექმნის პერიოდისა და ფერთა გამის მიხედვით, ვირტუალური ექსკურსია ცნობილ მუზეუმებში, მსოფლიო ღირსშესანიშნაობების გაცნობა და სხვა.

ქართული სამოსი - Sputnik საქართველო
Google უნიკალურ ქართულ სამოსს წარადგენს

გამოფენა სახელწოდებით „თამარ კვესიტაძე, ანუ უსაზღვრო გრძნობების ტრიუმფი" ქსელში ხელმისაწვდომია 2018 წლის 17 თებერვლიდან და აერთიანებს ავტორის ოცზე მეტ ნამუშევარს. კვესიტაძის ვირტუალური ექსპოზიცია შეიქმნა გალერეა „კორნფილდის" შემოქმედებით ჯგუფთან, თბილისის ხელოვნების სასახლესთან და Tamara Studio-სთან ერთად.

როგორც ხელოვნების სასახლეში აღნიშნავენ, ამგვარად, თამარ კვესიტაძე პირველი თანამედროვე ქართველი მხატვარია, რომლის ნამუშევრები Google-მა თავის პლატფორმაზე ჩატვირთა.

„გამოფენა კვესიტაძის შემოქმედების თითქმის მთელ სპექტრს აერთიანებს, აქ წარმოდგენილია როგორც მექანიკური თოჯინები, ისე მონუმენტური ნამუშევრები, ქანდაკებები, ფერწერული და გრაფიკული ნახატები, კინეტიკური სკულპტურები, 2007-2011 წლებში ვენეციის ბიენალეზე წარმოდგენილი ნამუშვრები. აქვეა ცნობილი მოძრავი ქანდაკების "ქალი და კაცისადმი“ ("ალი და ნინო") მიძღვნილი საინტერესო ფოტოები, ვიდეოფაილები და რეცენზიები. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კვესიტაძე ამიერკავკასიის მასშტაბით ერთადერთი ხელოვანია, რომელიც Google-ის ახალი და უზარმაზარი ვირტუალური საგამოფენო პროექტის „მსოფლიო თანამედროვე ხელოვნების" მონაწილე გახდა", — ნათქვამია ხელოვნების სასახლის განცხადებაში.

ტატო ახალკაციშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი მხატვარი Art Dubai-ს დასაპყრობად მიემგზავრება

თამარ კვესიტაძე საქართველოს თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საინტერესო წარმომადგენელია. მისი ნამუშევრებით დაინტერესებული არიან ხელოვნების მოყვარულები, კრიტიკოსები და აუქციონის სახლები მთელ მსოფლიოში. მხატვრის გამოფენები გაიმართა აშშ-სა და ევროპის მრავალ ქვეყანაში.

ის 1968 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს ცხოვრობდა და მუშაობდა იტალიასა და აშშ-ში. მხატვრის შემოქმედება ორიგინალურობით გამოირჩევა, აქვს განუმეორებელი სტილი.

თამარ კვესიტაძის ნამუშევრები მთელ მსოფლიოში მრავალი ადამიანის აღფრთოვანებას იწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0