ახალი პროდუქტი ქართულ ბაზარზე – „ვაზი ტრადიციულის" არატრადიციული ჩურჩხელები

© FB / Vazi Tradicionalჩურჩხელები
ჩურჩხელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა მეწარმე ნათია ბეღელაძე პროფესიით იურისტია. მან რამდენიმე თვის წინ ახალი ქართული ბრენდი „ვაზი ტრადიციული“ დააფუძნა.

ნათია ქართულ ნატურალურ ნუგბარს კონსერვანტების, დანამატების და შაქრის გარეშე აწარმოებს. ჯერჯერობით „ვაზი ტრადიციული“ მომხმარებლებს როგორც ტრადიციული, ასევე ქლიავის, ვაშლის და გარგარის ჩირით დამზადებულ ჩურჩხელას სთავაზობს. მომავალში გეგმავენ ასორტიმენტის გაზრდას.

© FB / Natia Begeladzeნათია ბეღელაძე
ნათია ბეღელაძე - Sputnik საქართველო
ნათია ბეღელაძე

– როგორ და რატომ გაგიჩნდათ „ვაზი ტრადიციულის“ შექმნის იდეა?

— იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ჩვენ ოჯახში ყველას ძალიან გვიყვარს ჩურჩხელა. სამწუხაროდ, ქართულ ბაზარზე თითქმის ვერ ვპოულობდით ნატურალურ ჩურჩხელას, აქედან გამომდინარე დავიწყეთ პირადი მოხმარებისთვის გაკეთება. მრავალფეროვნებისთვის დავამატეთ ნატურალური ჩირი და მოსახერხებელი პატარა ზომები დავამზადეთ. იმდენად მოეწონა ყველას, რომ გადავწყვიტეთ უგემრიელესი, ნატურალური ქართული ტკბილეული სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა.

– რა და რა სახეობის ნუგბარს აწარმოებთ?

— ჯერჯერობით მომხმარებლებს ვთავაზობთ ჩურჩხელას ქლიავის, ვაშლის და გარგარის ჩირით. ასევე შერეულს თხილით და ნიგვზით და, რა თქმა უნდა, კლასიკურ ჩურჩხელას. ჩვენი პროდუქცია დაპატენტებულია „საქპატენტის“ მიერ.

© FB / Vazi Tradicionalჩურჩხელა
ჩურჩხელა - Sputnik საქართველო
ჩურჩხელა

– ყველაზე მეტად რომელი სახეობა მოსწონთ?

— მოთხოვნა ყველა სახეობაზე ერთნაირია, ასე კონკრეტულად ვერ გამოვყოფ.

– თქვენ თვითონ აკეთებთ ფელამუშს, ასხამთ და ავლებთ ჩურჩხელას?

— ამისთვის შევქმენით მცირე საწარმო, რომელიც ჯერჯერობით რაიონში მდებარეობს და გვყავს შესაბამისად მუშახელი. აქვე ხდება ფელამუშის მომზადება, ასხმა და გავლება. პროცესი მიმდინარეობს ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით.

– ჩირსაც თქვენ თვითონ აწარმოებთ?

— ჯერჯერობით ვერ ხერხდება ჩირის წარმოება კომპანიის მიერ, თუმცა, რა თქმა უნდა, სამომავლოდ იგეგმება.

– რით არის გამორჩეული თქვენი პროდუქტი? როგორი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა?

— ჩვენი პროდუქტი გამოირჩევა პირველ რიგში იმით, რომ 100% ნატურალურია. არ შეიცავს შაქარს, ასევე ჩურჩხელა წარმოდგენილია ჩირთან ერთად, ძაფის გარეშე და მისი ფორმა კომფორტულია მომხმარებლისთვის.

© FB / Vazi Tradicionalჩურჩხელა ჩაისთან ერთად
ჩურჩხელა ჩაისთან ერთად - Sputnik საქართველო
ჩურჩხელა ჩაისთან ერთად

– არც ისე მარტივია ბიზნესის წარმატებით წარმართვა, თქვენ რა სირთულეები შეგხვდათ, რა პრობლემების დაძლევა მოგიხდათ?

— სირთულე შეგვხვდა ნატურალური პროდუქტის წარმოების კუთხით, რადგან ნატურალური პროდუქციის წარმოება, შენახვა, გადაზიდვა და ერთგვაროვანი პროდუქტის მიღება დაკავშირებულია უფრო დიდ ხარჯებთან, ვიდრე კონსერვანტებით გაჯერებული პროდუქციის.

– როგორ ფიქრობთ, რა აუცილებელი კრიტერიუმებია საჭირო წარმატების მისაღწევად?

— წარმატების მისაღწევად პირველ რიგში უმთავრესია რწმენა. უნდა გჯეროდეს, რომ გამოგივა, წარმატებული იქნება ის, რასაც ქმნი.

© FB / Vazi Tradicionalჩურჩხელა და ჩირი ჩაისთან ერთად
ჩურჩხელა და ჩირი ჩაისთან ერთად - Sputnik საქართველო
ჩურჩხელა და ჩირი ჩაისთან ერთად

– კონკურენცია რამდენად დიდი ქართულ ბაზარზე?

— კონკურენცია ნამდვილად არსებობს, თუმცა ჩვენ გვაქვს მთავარი ნიშა, ეს არის ჩურჩხელა შაქრის გარეშე და ასევე პირველი პროდუქტია ჩურჩხელისა და ჩირის კომბინაცია, რომელიც პირველად ჩვენ წარვუდგინეთ მომხმარებელს.

© FB / Vazi Tradicionalჩირი და ჩურჩხელა
ჩირი და ჩურჩხელა - Sputnik საქართველო
ჩირი და ჩურჩხელა

– სად იყიდება თქვენი პროდუქტი?

— ჩვენი პროდუქტი წარმოდგენილია „თბილისი მოლში“.

– უცხოურ ბაზარზე გასვლა არ გიცდიათ?

— ჯერჯერობით ქართული ბაზრის ათვისებას ვგეგმავთ, სამომავლოდ ვნახოთ, როგორ წარიმართება საქმე.

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

— პირველ ეტაპზე ვგეგმავთ ასორტიმენტის გაზრდას და სხვა სავაჭრო წერტილების ათვისებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია წინსვლისა და განვითარებისთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0