თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის მშენებლობა მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოფიციალური ინფორმაციით მშენებლობისთვის თითქმის 2,4 მილიონი ლარია გამოყოფილი. ქუთაისში უკვე დასრულდა ძველი შენობის დემონტაჟი და მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები.
ახალი სამხედრო ჰოსპიტლის სამშენებლო სამუშაოებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე პირადად გაეცნო.
„დასავლეთ საქართველოში სამხედრო ჰოსპიტალი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ამოქმედდება, სადაც პაციენტები სრულ და მაღალი ხარისხის ამბულატორიულ მომსახურებას მიიღებენ. ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის ამოქმედებას სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობისთვის სტრატეგიული დანიშნულება აქვს. გარდა ამისა, დაიზოგება ხარჯები და შემცირდება მკურნალობასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები“, — ნათქვამია განცხადებაში.
სამედიცინო ცენტრი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, საქართველოს თავდაცვის სისტემაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებს, მათ ოჯახის წევრებსა და სამხედრო პენსიონერებს მოემსახურება.