თბილისი, 11 მარტი — Sputnik. დედოფლისწყაროში მწყემსებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ერთ-ერთი მწყემსის დაჭრით დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi2).
43 წლის მამაკაცს საკუთარმა თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მარჯვენა მხარის არეში მიაყენა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი მამაკაცი თავდაპირველად დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა, შემდეგ კი თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში მოათავსა.
თანასოფლელებს შორის დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია. სამართალდამცველებმა იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად დაზიანებას გულისხმობს.